საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია შედგა. სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უსურვეს.
სეოკ-ში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.
11-16 ოქტომბერს, კატარის დედაქალაქი დოჰა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებს უმასპინძლებს. ისტორიული სპორტული ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს შედგება. თამაშებზე საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს. ლიცენზიები ქვიშის ჭიდაობის ნაკრების წევრებმა მოიპოვეს. ჯემალ კილაძის გაწვრთნილი გუნდი გამოცდილი მოჭიდავეებითაა დაკომპლექტებული, მათ შორისაა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
დავით ხუციშვილი (80 კგ)
დავით მარსაგიშვილი (90 კგ)
მამუკა კორძაია (+90 კგ)
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო