ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
იაპონია 2019: ინტერვიუ ჯაბა ბრეგვაძესთან

მსოფლიო თასის პარალელურად World Rugby მორაგბეების ცხოვრების გაცნობას განაგრძობს და ბორჯღალოსნებიდან ამჯერად ჯაბა ბრეგვაძის დრო დადგა. ის პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბიში (სუპერ რაგბი) ითამაშა - ორი სეზონის განმავლობაში იაპონური ფრანჩაიზის სანვულვზის წევრი იყო.

მსოფლიო რაგბი 32 წლის ქართველი კვაჭით დაინტერესდა და უწინარესად ზე-რაგბში დებიუტზე დაეკითხა: „პირველობა საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო იყო. ეს დიდი გამოწვევა იყო, მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ ზე-რაგბის თამაში, მაგრამ სადებიუტო შეხვედრაში დავშავდი და 7 კვირა გამიცდა. სამედიცინო პერსონალთან ძალიან ბევრი ვიმუშავე, რათა მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებოდი და ვფიქრობ, კარგადაც დავბრუნდი“.

ბრეგვაძეს სურს, რომ კარიერა იაპონიაში გაგრძელდეს, მაგრამ კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია: „ჯერ არ ვიცი გაისადაც ვითამაშებ თუ არა სანვულვზშ’. ვიმედოვნებ, რომ იაპონიაში კიდევ ერთი წელი დავრჩები, თუმცა ოფიციალურად ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

ჯაბა ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატში უთამაშია. 2011-14 წლებში ის ტოპ 14-ის გრანდის ტულუზის ღირსებას იცავდა, 2015-17 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ვუსტერში თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან სანვულვზს შეუერთდა.

„პრემიერშიფსა და ტოპ 14-ს თუ შევადარებთ, ვფიქრობ ტოპ 14-ში უფრო ფიზიკური თამაშებია, აქცენტი შერკინებასა და მოლზე კეთდება. პრემიერშიფში ამ კომპონენტებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ორიენტირებული არიან ფაზების აწყობასა და სწრაფ რაგბიზე. ზე-რაგბში სისწრაფეცაა და ფიზიკურობაც. იქ თამაშობენ ფიზიკურად დიდი მორაგბეები, რომლებიც არც სისწრაფეს უჩივიან და ამიტომაა რთული ზე-რაგბში თამაში. 110-115 კილოიანი მორაგბეები ძალიან სწრაფად დარბიან. გარდა ამისა, ზე-რაგბში ბევრი მოგზაურობა გიწევს, განსაკუთრებით სანვულვზს. არ გვაქვს დასვენების დღეები, რადგან თამაშის შემდეგ ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში 10-12 საათი მივფრინავთ და ჰაერში გვიწევს აღდგენა“, - ამბობს ჯაბა.

მას ზე-რაგბში ყველაზე მეტად იზრაელ ფოლაუსთან თამაში მოეწონა. ის იმედოვნებს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარ საკლუბო ტურნირში სხვა ქართველი მორაგბეებიც დამკვიდრდებიან: „არიან ქართველი მორაგბეები, რომლებსაც ძალების ზე-რაგბში მოსინჯვა სურთ. ვიმედოვნებ, რომ აქ სხვა ქართველებიც ითამაშებენ, რადგან ჩვენთვის ეს სასარგებლო გამოცდილება იქნება“.

ქართველი კვაჭი ამბობს, რომ ბოლო დროს იაპონიაში რაგბის პოპულარიზაცია გაიზარდა და ქომაგები, ამინდის მიუხედავად, ვარჯიშების საყურებლადაც კი დადიან: „მწვრთნელები და მორაგბეები გამუდმებით ცდილობენ, რომ იაპონიაში რაგბის პოპულარობა აამაღლონ. იაპონიაში არიან ადამიანები, რომლებიც სანვულვზის ვარჯიშებზეც რეგულარულად დადიან. წვიმასა და ქარშიც კი, მაყურებელი არ გვაკლია. განსაკუთრებით ბავშვები აქტიურობენ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

იაპონიაში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ ბრეგვაძე ადგილობრივ სამზარეულოსა და კულტურასაც კარგად გაეცნო და განსაკუთრებით სუში შეუყვარდა: „ბუნებრივი, ცხელი აბაზანები ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ასეთი რამ საქართველოშიც გვაქვს. მე და ჩემს ოჯახს ძალიან მოგვწონს სუში. პირველი ორი თვე სუშის ყოველ დღე ვჭამდით“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას კვირას, 29 სექტემბერს, ურუგვაისთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო