რაგბის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსს მეორე ნახევარში ტოლი არ დაუდეს და 14:14 ეთამაშნენ, მაგრამ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები ამან ვერ გააბათილა და მეტოქემ 43:14 იმარჯვა.
უელსთან მატჩი პირველი იყო იაპონიაში, წინ კიდევ სამი თამაშია: 29 სექტემბერს ურუგვაისთან, 3 ოქტომბერს ფიჯისთან და 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან.
საქართველოს ნაკრების წევრებმა უელსთან წაგება შეაფასეს და მომდევნო დაპირისპირებებზე ისაუბრეს.
ოთარ გიორგაძე: „თამაში ცუდად დავიწყეთ, მობილიზება გვაკლდა და მეტოქე დიდი სხვაობით დაწინაურდა. სულ ვამბობთ, რომ პირველი დონის ქვეყნებთან თამაშის გამოცდილება გვაკლია, თუმცა, ამავდროულად საჭიროა, რომ საკუთარ თავსაც მეტი მოვთხოვოთ.
ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ორი თამაშის მოგებაა - ურუგვაისა და ფიჯისთან. დრო ცოტაა, მაგრამ ვეცდებით გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ შეცდომები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშები ასეთი სცენარით აღარ განვითარდება და ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ“.
შალვა სუთიაშვილი: „კარგი, რაც ამ თამაშში იყო, ეს მეორე ტაიმია. დავრწმუნდით, რომ ჩვენც შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში. მივხვდით: ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა საჭიროა, რომ ეს პოზიტიური ნაწილი შევინარჩუნოთ და მომდევნო თამაშებში გამოვიყენოთ“.
შალვა მამუკაშვილი: „თავიდანვე ვერ შევედით თამაშში, პირველივე ფაზიდან ორი ლელო მივიღეთ... ამაზე სამუშაო გვაქვს. ეს თამაში კარგი გაკვეთილი იყო ურუგვაისთან მატჩამდე. მეორე ტაიმში ბურთს მეტად ვაკონტროლებდით და ტემპიც ჩვენ მიგვყავდა. რაც მეტად გვექნება ბურთი, მით უფრო შევძლებთ ჩვენი თამაშის სტილის მოწინააღმდეგეზე მოხვევას და ტაქტიკური ჩანაფიქრების განხორციელებას“.
საქართველოს ნაკრები ურუგვაის 29 სექტემბერს კუმაგაიაში დაუპირისპირდება. ურუგვაიმ დღეს მსოფლიო თასის პირველი დიდი სენსაცია შემოგვთავაზა - ფიჯის 30:27 სძლია.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო