ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
შოტლანდია Vs საქართველო: პირველად მარიფილდზე!

დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:30 საათზე ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას შოტლანდიასთან ედინბურგში, საქვეყნოდ ცნობილ მარიფილდზე გამართავენ.

ბორჯღალოსნებისთვის ეს შოტლანდიასთან მეოთხე რკენა იქნება, თუმცა აქამდე არცერთხელ უთამაშიათ მარიფილდზე. სქოთებს პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში შევხვდით და ლელო არ გავატანინეთ, მაგრამ მეტოქემ ორის წილ 5 ჯარიმა გაიტანა და 15:6 იმარჯვა. 2016 წელს შოტლანდიას ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ. მასპინძლები ქილმარნოქში დაგვიხვდნენ და მართალია ორი ლელოს გატანა შევძელით, თუმცა მეტოქემ 5 გაიტანა და 43:16 იმარჯვა.

ერთი კვირის წინ შოტლანდია თავად გვესტუმრა საქართველოში და გახდა პირველი ელიტარული გუნდებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვია. დინამო არენაზე შეკრებილმა ქომაგმა სტუმართა მხრიდან უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობა იხილა. მესამე რკენაც შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა - 44:10.

ბორჯღალოსნები წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს ითამაშებენ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე პირველი დონის გუნდთან ითამაშეს. უფრო მეტიც, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველო ერთ კვირაში მეორედ შეხვდება ამ დონის ნაკრებს და თამაშის გაუმჯობესების შანსი ექნება.

ამჯერად შოტლანდია მარიფილდზე დაგვიხვდება, რომელიც მსოფლიოს ყველა გრანდის და არაერთი დაუვიწყარი მატჩის „თვითმხილველია“. 1925 წელს აშენებულ არენას რეკონსტრუქცია 1995 წელს ჩაუტარდა და 67 144 მაყურებელს იტევს, თუმცა ერთხელ, 1975 წელს, შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას ტრიბუნებიდან 104 ათასმა მაყურებელმა უყურა.

ამ არენაზე მასპინძლობის გამო, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მადლობა გადაუხადა შოტლანდიის რაგბის კავშირს: „დასაფასებელია შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება. მარიფილდზე თამაში, 56-ათასზე მეტი ქომაგის წინაშე, ენით აღუწერელი სიამოვნებაა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და გამორჩეული მომენტია ჩვენი მორაგბეებისთვის“.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო