ტოკიოში დასრულდა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მისიების ხელმძღვანელთა სემინარი, რომელშიც 194 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა.
სემინარის დასკვნით ეტაპზე განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სამედიცინო მომსახურება, დოპინგ-კონტროლი, ფინანსები, ტექნოლოგიები, მედია-სერვისი, ცერემონიების ორგანიზება, ბილეთების განაწილების პირობები, ეოკ-ის ასისტენტთა პროგრამა და სხვა. ასევე მოეწყო სპეციალური ტურები ოლიმპიურ სპორტულ ობიექტებზე. რომელთა ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სხვების კეთილმოწყობა კი გაზაფხულამდე დამთავრდება.
„ეს იყო საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფორუმი, რომლის მუშაობაშიც ჩართულნი იყვნენ ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახურის უფროსები. მათ პრეზენტაციებზე და ინდივიდუალურ შეხვედრებზე მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე. რა თქმა უნდა, ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრებზე დეტალურად განვიხილავთ საოლიმპიადო სამზადისის თითოეულ ასპექტს, რათა გავითვალისწინოთ საყოველთაოდ დადგენილი წესები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.
თამაშებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები გველის. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენების მზადებას, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის სწორად დაგეგმვას და უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობას, არამედ არაერთი საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხის ოპერატიულად მოგვარებას, რაც საშუალებას მოგვცემს 2020 წელს ტოკიოში მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, რომელიც ტოკიოში გამართულ ოლიმპიური მისიების ხელმძღვანელთა სემინარში მონაწილეობდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო