30 ივლისს, ვილნიუსში გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში, რომელსაც ‘The V Golf Club Vilnius’ მასპინძლობს, ევროპის 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველო. ჩვენი გუნდი 4 მოთამაშისგან შედგება.
ნაკრების წევრები 18-19 მაისს, ‘Tbilisi Hills Golf & Residences’-ში გამართული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩნენ. ლიეტუვაში სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ვახო ხახვიაშვილი საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით ასპარეზობენ. გუნდის კაპიტანია ანდრო შილაკაძე, ხოლო დელეგაციას გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა ძაძამია ხელმძღვანელობს.
ევროპის ჩემპიონატი ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით იმართება. ჩემპიონატში საქართველოს გარდა, კვიპროსის, ლატვიის, ლიეტუვის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგის, მალტის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მონაწილეობენ. ევროპირველობა 3 აგვისტოს დასრულდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო