ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაგბი: ბორჯღალოსანთა მსაჯები ცნობილია!

მსოფლიო რაგბმა 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები შეარჩია.

ბორჯღალოსნები იაპონიაში პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ. ქალაქ ტოიოტაში რეფერი ინგლისელი ლუქ პირსი იქნება, რომელიც 2017 წელს საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას სჯიდა. ის 2014 წლის ნოემბერში ირლანდიასთან ტესტისას თანამსაჯი იყო და ამავე წელს ორჯერ იმყოფებოდა თბილისში - ჯერ ერთა თასზე საქართველო-რუმინეთი იმსაჯა, მერე თბილისის თასზე არგენტინის ა ნაკრებთან შეხვედრა.

უელსთან პირსს კიდეებიდან ახალზელანდიელი ბენ ო’ქიფი და ინგლისელი მეთიუ ქარლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე ინგლისელი როუან ქითი იქნება. ო’ქიფს 2016 წელს სამოასთან ტესტ-მატჩით ვიცნობთ, ხოლო ქარლიმ იმავე წელს ჯერ რუსეთთან მატჩი იმსაჯა, მერე შოტლანდიასთან ტესტი.

29 სექტემბერს, კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის შეხვედრას ასევე ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის. ბარნსი ნაიჯელ ოუენსთან ერთად დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული მსაჯია.

ის საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების ერთობლივ ვარჯიშზეც იყო მიწვეული, მანამდე კი, 2006 წელს რუმინეთთან გვიმსაჯა, ხოლო 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიასთან შეხვედრას სჯიდა, სადაც მეტოქე მარცხს ჩვენი გამოუცდელობის გამო გადაგვირჩა (10:14). მას კიდეებიდან ახალზელანდიელი პოლ უილიამსი და ფრანგი ალექსანდრ რუისი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სამხრეთაფრიკელი მორის იონკერი იქნება. რუისს საქართველოს ნაკრების მატჩი 2014-16 წლებში სამჯერ აქვს ნამსაჯი - რუსეთთან, ესპანეთთან და სამოასთან.

პოლ უილიამსი 3 ოქტომბერს, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრაში უკვე მოედნის მსაჯი იქნება. მას კიდეებიდან სამხრეთაფრიკელი იაკო პეიპერი და ინგლისელი მეთიუ ქარლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ინგლისელი გრემ ჰიუზია. თამაში ოსაკაში ჩვენი დროით 09:15 საათზე დაიწყება.
ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ და რეფერი ჩვენთვის კარგად  ნაცნობი ფრანგი პასკალ გაიუზერია.

მას ქართველთა 5 მატჩი აქვს ნამსაჯი - 2010 წელს კანადასთან, 2011 წელს არგენტინა ა-სთან, 2012 წელს ფიჯისთან, 2014 წელს ტონგასთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან.

მას კიდეებიდან ასევე ფრანგი ჟერომ გარსეზი და იაპონელი შუჰეი კუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი აქაც იონკერი იქნება. გარსეზის ბორჯღალოსნების სამი თამაში აქვს ნამსაჯი - 2010 წელს ტრაბზონში რუსეთთან, 2011 წელს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებთან და 2018 წელს ფიჯისთან.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო