ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: ეროვნულის მეტოქეები ცნობილია

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება ფინეთის გუნდს, ხოლო მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ეთამაშება იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს.

ორივე წილისყრა დღეს გაიმართა ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში. ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, პლეიოფში, შედგა სამი წყვილი: საქართველო-ფინეთი, ლუქსემბურგი-ესტონეთი და კვიპროსი-ბელგია. პირველი მატჩები გაიმართება პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე, წყვილების 3 გამარჯვებული კი გავა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც 32 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის. ევროპის ჩემპიონატი უნგრეთსა და სლოვაკეთშია დანიშნული 2022 წლის იანვარში, მსოფლიო ჩემპიონატს კი 2021 წლის იანვარში უმასპინძლებს ეგვიპტე და აქ პირველად ითამაშებს 32 გუნდი.

ევროპას, მსოფლიო ჩემპიონის, დანიის გარდა, აქვს 13 ადგილი, რომლებიც 2 რაუნდისგან შემდგარ კვალიფიკაციაში გათამაშდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობს 15 ქვეყანა, რომელიც არ თამაშობს ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, 4 შესარჩევი ჯგუფის 4 გამარჯვებული კი გავა მეორე რაუნდში, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება ევრო 2020-ის მონაწილე ნაკრებებს და შინ/სტუმრად ფორმატით გაათამაშებს ფინალური ტურნირის საგზურებს. პლეიოფი გაიმართება 2 ეტაპად, 2020 წლის აპრილსა და ივნისში.

რაც შეეხება სათამაშო ვადებს. მსოფლიო  ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და ამ თვეში გაიმართება 2 ტური: 23-24 და 26-27 ოქტომბერს. შეჯიბრება დასრულდება 2020 წლის პირველ თვეში. სათამაშო დღეებია: 1-2, 4-5, 8-9 და 11-12 იანვარი. როგორც წესი, გუნდები 2 წრედ თამაშობენ, მაგრამ ფედერაციების შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია სამდღიანი და ერთწრიანი ტურნირის მოწყობაც - ამ შემთხვევაში მასპინძელი წილისყრით გამოვლინდება.

ამაზეა დამოკიდებული 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განრიგიც. სათამაშო დღეები იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ორწრიან ტურნირს ითამაშებს, მაშინ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის EHF გამოყოფს 2 დამატებით სათამაშო დღეს 2020 წლის 19-26 იანვრის შუალედში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო