ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გოლფში ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით თბილისში ქალთა შორის საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებას ‘Tbilisi Hills Golf & Residences’-მა უმასპინძლა. ჩემპიონატში 15-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ესტონელი მიინა პოჰი გახდა. მეორე ადგილზე სოფო ბრეგვაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მაია შაშიაშვილმა დაიკავა. პრიზიორები გოლფის ფედერაციისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა დააჯილდოეს.

საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით წელს არაერთი ტურნირი ჩატარდა. 18-19 მაისს მამაკაცთა შორის საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ისტორიული შეჯიბრების გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო ოთხეული. სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე  საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.

წლის ბოლომდე უკვე დაგეგმილია კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება. გოლფის ფედერაციისა და სპორტული ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით, 17-19 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი ‘Taste and Play’ ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მოყვარული გოლფერები მიიღებენ. შეჯიბრებას ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ უმასპინძლებს. მონაწილეთა რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდება.

ფოტო: საქართველოს გოლფის ფედერაცია



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო