მეორე ევროპული თამაშების დასკვნით დღეს საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 2 მედალი მოიპოვა. მინსკი 2019-ის ვერცხლის მედლებს მოკრივე სახილ ალახვერდოვი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ.
ალახვერდოვი 49 კგ წონითი კატეგორიის ფინალში სომეხ არტურ ჰოვჰანისიანს დაუპირისპირდა. ევროპული თამაშების მომავალმა ვიცე-ჩემპიონმა ხელის ტრავმით იასპარეზა, რაც აშკარად დაეტყო შეხვედრას. საბოლოოდ, ალახვერდოვი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება იაკობ ქაჯაიას (130 კგ), გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსელ კირილ ჰრიშანკას შეხვდა. ფინალური ორთაბრძოლა ბელარუსელი მოჭიდავის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
დღეს, კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) ავსტრიელი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ რუს ალეკსანდრ გოლოვინთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
მეორე ევროპული თამაშები საქართველოს დელეგაციამ 30 მედლით დაასრულა. ჩვენმა სპორტსმენებმა 6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და პირველი ევროპული თამაშების შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესეს.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო