ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს დელეგაციის 3 მედალი - ევროპული თამაშები დასასრულს უახლოვდება

მეორე ევროპული თამაშების ბოლოსწინა, მე-9 დღეს საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა. ისტორიულ მედალს კარატისტი გოგიტა არქანია დაეუფლა. არქანია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც კარატეში ევროპული თამაშების პრიზიორი გახდა. გოგიტამ (კუმიტე, +84 კგ) ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა მოიგო, ორიც ფრედ დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

დანარჩენი ორი მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ქართველ მოჭიდავეებს დარბაზიდან განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად გულშემატკივრობდა. ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე. 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბოლქვაძემ ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა. რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა 3 შეხვედრა ისე მოიგო, რომ მოწინააღმდეგეებს ერთი ქულაც არ ააღებინა. გადამწყვეტ შეხვედრაში 24 წლის მოჭიდავე რუს ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ბოლქვაძის სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მსაჯებმა მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთხელ გააფრთხილეს. შესვენების შემდეგ, ქართველი მოჭიდავე კვლავ აქტიურად უტევდა. კაბალოევი მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იყო. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და ბოლქვაძე გააფრთხილეს, რის შედეგადაც მეტოქემ ისარგებლა და ორი ქულიანი ილეთი გააკეთა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ევროპული თამაშების ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბასთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ახალგაზრდა სპორტსმენი რუმინე რაზვან არნაუტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია, რის შედეგადაც ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს. ფინალის საგზური მოიპოვა და თამაშების დასკვნით დღეს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს იაკობ ქაჯაია (130 კგ). ქაჯაია ოქროს მედლისთვის ბელარუსელ კირილ ჰრიშანკას დაუპირისპირდება. რეპეშაჟში იასპარეზებს რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ). ხვალვე, საჩემპიონო შეხვედრას გამართავს მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ), რომელიც ფინალში სომეხ არტურ ჰოვჰანისიანს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციას ამჟამად 28 მედალი აქვს. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველო 6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით მე-7 ადგილზეა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო