ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას.
პროგრამის მიზანია კომპლექსური ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადების სისტემის გაუმჯობესება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზების ეფექტიანი გამოყენება.
პროგრამის განხორციელება ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებს, სპორტული პროფილის მქონე სასწავლო დაწესებულებებსა და სპორტის დარგში სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრებს შორის თანამშრომლობას - ტოკიოს 2020 წლის XXXII ზაფხულის ოლიმპიური და პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების სპორტის სახეობებში გუნდების მოსამზადებლად.
ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ ოლიმპიური კომპლექსი დაათვალიერეს და შიდა ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო