ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 მედალი მოიპოვეს

ევროპული თამაშების მე-7 დღეს საქართველოს დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. ორივე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. მინსკის სპორტის სასახლეში ქართველ მოჭიდავეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბელარუსელ კოლეგებთან ერთად გულშემატკივრობდა. ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა. 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალამდე ბრწყინვალედ იასპარეზა. ნახევარფინალში ლადომ რუსი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ხინჩეგაშვილი მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭიდავემ ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც მსაჯებმა ალიევს 30 წამი ჩაურთეს. აზერბაიჯანელმა მოჭიდავემ შეტევა გააქტიურა და 4 ქულით დაწინაურდა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჰაჯიევი კიდევ უფრო დაწინაურდა და შეხვედრა 10:2 მოიგო.

კიდევ ერთი მედალი 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა. 2015 წლის ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ამჯერად მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია. ოდიკაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა.

მოლოდინის მიუხედავად, მედლების გარეშე დარჩნენ კანოისტები. კვალიფიკაციის გამარჯვებულმა ზაზა ნადირაძემ (200 მ, C1) ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა. მარიამ ქერდიყაშვილი (200 მ, C1) მე-8 ადგილზე გავიდა. ბადრი ყაველაშვილმა (200 მ, K1) B ჯგუფში იასპარეზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მედლისთვის ვერ იბრძოლებდა. ყაველაშვილმა ჯგუფის მონაწილეებს შორის საუკეთესო დრო აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციას მე-7 საშეჯიბრო დღის შემდეგ 24 მედალი დაუგროვდა. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 6 ოქროს, 7 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალია. საერთო ჩათვლაში საქართველო 50 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო