მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყეს ქართველმა სპორტსმენებმა. სამბოსა და ძიუდოს ნაკრებებმა ჯამში 10 მედალი მოიპოვეს. პირველ ევროპულ თამაშებზე მოპოვებული 2 ოქროს მედალი, საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღესვე გააუმჯობესა.
მეორე ევროპული თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც 60 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ფავორიტის სტატუსი გაამართლა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სამბისტმა (57 კგ) რუსი საიან ხერტეკი დაამარცხა.
სამბისტებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი 100 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ევროპული თამაშების ჩემპიონი დავით ლორიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიელ ვიქტორ რესკოს სძლია.
გარდა 2 ოქროს მედლისა, ჯონდო მუზაშვილის გუნდმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ). ოძელაშვილმა ფინალში ტრავმა მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. კიდევ ერთი მედალი ბექა ბერულავას (82 კგ) ანგარიშზეა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა .
1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდნენ.
პირველი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაცია საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა. ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო