თბილისის დროით 23:00 საათზე, მინსკში, „დინამოს სტადიონზე“ მეორე ევროპული თამაშები - „მინსკი 2019“ ოფიციალურად გაიხსნება. სტადიონზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები ჩაივლიან. საქართველოს დელეგაციის მედროშე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იქნება.
ოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა სახელმწიფო დროშები. საზეიმო ღონისძიებას ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება. 4000-ზე მეტი სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნის დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. შეჯიბრებაში პირველები მშვილდოსნები - ჯაბა მოსეშვილი და ციკო ფუტკარაძე ჩაერთნენ.
„მინსკი 2019“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო