ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019: პრეზიდენტმა სპორტსმენებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ევროპის II თამაშების მონაწილე ქართველ სპორტსმენებს უმასპინძლა და წარმატება უსურვა. პრეზიდენტი 21 ივნისს მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

„თქვენ წარმატებულ დარგს - ქართულ სპორტს წარმოადგენთ. საქართველო დღეს მსოფლიოში ცნობილია სპორტსმენებით, ეს იმიტომ რომ თქვენ ბევრი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჩამოუტანეთ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მინსკშიც გვასახელებთ და ამის სანახავად მეც ვიქნები თქვენთან ერთად და მხარს დაგიჭერთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ იყოთ ძალიან წარმატებულები! სპორტი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ სპორტის სხვადასხვა სახეობები. სპორტი ქვეყნის ჯანსაღი სახეა და  პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც ძალიან სჭირდება ცნობადი რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო რომ საქვეყნოდ ცნობილია, ეს თქვენი დამსახურებაცაა და ამისათვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მადლობას გიხდით. მეც და მთელი საქართველო ძალიან ამაყი ვართ თქვენი წარმატებით. გისურვებთ დიდ წარმატებებს მინსკში და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ“! - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს გუნდი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წარუდგინა. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის მეთაურს მიღებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ევროპის II თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ღირსეული შედეგით დაბრუნდება.

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ საქართველოს გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასპარეზობის წინ თითოეულ სიტყვას, გამხნევებასა და დარიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენი წარადგენს, სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობას კი საერთო ჯამში 50 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს.

მინსკი 2019 21 ივნისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო