თბილისის ოლიმპიურ პარკში ევროპის II თამაშებზე საქართველოს გუნდის გაცილების და ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უძღვებოდა.
გაცილების ცერემონიას თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტროს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მსაჯები, ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს მინსკში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა.
მათ მხარდაჭერისთვის გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
საზეიმო ცერემონიაზე ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა, 8-გზის ოლიმპიელმა ნინო სალუქვაძემ.
ევროპის II თამაშებს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს და მასში 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 15 სახეობის 23 დისციპლინაში. საქართველოდან 61 სპორტსმენი 10 სახეობაში გამოვა: ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი), ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო.
საქართველოდან მინსკში 122-კაციანი დელეგაცია (სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები) გაემგზავრება, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, 21 ივნისს, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო