საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.
აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ლერი ხაბელოვის და სეოკ-ის გენერალური მდივნის ემზარ ზენაიშვილის ინფორმაცია მეორე ევროპული თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადებისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ.
ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს გაიმართება. აღინიშნა, რომ სპორტულ ფედერაციებს, ნაკრებ გუნდებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი იმისათვის, რომ ნაყოფიერად მომზადებულიყვნენ სპორტული წლის მთავარი მულტისპორტული შეჯიბრებისთვის. მათ გაიარეს აუცილებელი საწვრთნელი შეკრებები, მონაწილეობდნენ სალიცენზიო და სხვა ტურნირებში. გამოითქვა იმედი, რომ სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ მინსკში და ეცდებიან გააუმჯობესონ წინა ევროპული თამაშების შედეგები.
სეოკ-ის აღმასკომმა დაამტკიცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა და ხარჯთაღრიცხვა. მინსკში გაემგზავრება 122-კაციანი დელეგაცია (სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები), რომელსაც უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
მეორე ევროპულ თამაშებზე იასპარზებს 61 სპორტსმენი სპორტის 10 სახეობაში ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული, თავისუფალი), ძიუდო, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში (სპორტული, მხატვრული, ბატუტზე ხტომა), კარატე, კანოე, მშვილდოსნობა, კრივი, ველოსპორტი, სამბო.
თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი.
აღმაკომის სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ (ამ შეჯიბრებას 21-27 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს). ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრეს ცალკეული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა.
სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აღმასკომის წევრებს გააცნო სარაევოში გამართული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგები, ქვიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ლომიძემ კი ისაუბრა ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღმასკომის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და საქართველოს დელეგაციის მეორე ევროპულ თამაშებზე საზეიმო გაცილების თაობაზე. ითქვა, რომ 16 ივნისს, 10:30 საათზე საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში (ახალი თბილისი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აწყობს მასობრივ ოლიმპიურ გარბენს, რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სხვებთან ერთად, გარბენში სტარტს აიღებენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, სხვა ცნობილი სპორტსმენები.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატი და სპეციალური მაისური. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
12 საათზე ასევე ოლიმპიურ პარკში გაიმართება II ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია.
სეოკ-ის წესდების შესაბამისად, აღმასკომის შემადგენლობას შეემატა ორი ახალი წევრი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია და საქართველოს არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო