საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიც მოიგო IHF-ის ერთა ჩემპიონატზე და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. თბილისის სპორტის სასახლეში 35:19 დავამარცხეთ ბულგარეთი და ხვალ, 18 საათზე დიდ ბრიტანეთს ვეთამაშებით. მეორე წყვილია კუბა-ბულგარეთი.
ბრძოლა მხოლოდ საწყის მეოთხედში იყო. თემო ორჯონიკიძემ პირველად მერვე წუთზე დაგვაწინაურა (5:4) და ამის შემდეგ სხვაობა იზრდებოდა - 9:6, 15:10, 19:11 შესვენებაზე და მაქსიმუმი იყო დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე - 31:14.
პირველ ტაიმში ჩვენები აქცენტირებულად ათამაშებდნენ ბურთს ხაზზე. როგორც მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ გვითხრა, ველოდით, რომ მეტოქე აქტიურად გამოვიდოდა ჩვენს ბურთიან უკანახაზელზე და ჩვენი პივოტი ხშირად თავისუფალი დარჩებოდაო. მართალია, თავიდან რამდენიმე პასი ერეკლე არსენიშვილის მიმართულებით დაიკარგა, მაგრამ ჯერ მან და შემდეგ გიორგი მიქავამ ჯამში 8 გოლი გაიტანეს.
პირველ ტაიმში მოპოვებულ უპირატესობაში დიდი წვლილი შეიტანეს მეკარემ და კარგმა დაცვამ, შეტევაში კი - ჩიქოვანმა, ცხოვრებაძემ და გოგოლაძემ. საუკეთესო კი აშკარად იყო თეიმურაზ ორჯონიკიძე - ეს ცხადი გახდა პირველივე ტაიმის ბოლოში, საბოლოოდ კი თემოს ძალიან სოლიდური სტატისტიკა დაუგროვდა - 4 დარტყმიდან 4 გოლი, 3 საგოლე პასი, 3 მოპოვებული შვიდმეტრიანი და ორწუთიანი, 2 ჩაჭრილი ბურთი და 1 ბლოკშოტი დაცვაში.
ნიკოლა მაქსიმოვიჩმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩააბა ბრძოლაში ყველა მოთამაშე, რაც იმას ნიშნავდა რომ გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყო, გოლი კი თორმეტივე მოთამაშემ გაიტანა. ყველაზე მეტი, 7, ტრადიციულად, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელსაც 7-მეტრიანების შესრულებაც ევალა.
B ჯგუფში ირლანდიამ 41:23 მოუგო მალტას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 38:24 დაამარცხა ნიგერია.
A ჯგუფში ბრიტანეთმა აჯობა კოლუმბიას - 27:23 და ნახევარფინალის მეორე საგზური მოიპოვა. ჩინეთმა 35:26 მოუგო აზერბაიჯანს და მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს. კუბამ დაამარცხა ინდოეთი - 40:29.
დღეს თბილისის სპორტის სასახლეში დასვენების დღეა, შაბათს - ნახევარფინალი, კვირას - ფინალი. ოთხი ნახევარფინალისტიდან 3 ევროპული გუნდია, მათ კი, ჩემპიონატზე გამარჯვების გარდა, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა აქვთ - საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს.
13 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო 35:19 ბულგარეთი
საქართველო: თევზაძე 8/21, ცინცაძე 10/16 - ცხოვრებაძე 11/7, ორჯონიკიძე 4/4, არსენაშვილი 4/4, მიქავა 6/4, ჩიქოვანი 3/3, გოგოლაძე 4/3, კალანდაძე 5/3, კბილაშვილი 4/2, დიხამინჯია 3/2, რუსტამოვი 5/1, მერკვილაძე 1/1, იმნაძე 2/1 - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე
ბულგარეთი: კოსტოვი 5/24, სტ. დიმიტროვი 4/20 - ვასილევი 4, ბალჩევი 4, იორგოვი 3, სვ. დიმიტროვი 2, კალჩევი 2, დასკალოვი 1, ატანასოვი 1, გროზევი 1, სავოვი 1, იუსნი, პეტკოვი, ნაიდენოვი
მსაჯები: კარმო, მიურში (საფრანგეთი)
სამდივნო: სოდალი (ნორ) - ელსაიედი (ეგვ), ფულეოვა (ტუნ) - მაჭარაშვილი, ჩოგოვაძე (საქ)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო