ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ივნისს დანიას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ჩარტერული რეისით დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩაფრინდა და სასტუმრო „მარიოტში“ დაბინავდა.
დასვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა ადგილობრივი და ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტების შეკითხვებს ვაისთან ერთად ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უპასუხა. პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა „თელია პარკენზე“ ივარჯიშა. ჟურნალისტებს ვარჯიშის საწყისი 15 წუთის გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.
ვლადიმერ ვაისი: "რთული მატჩი გველის. დანია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თუმცა, შესარჩევი ეტაპი კარგად ნამდვილად არ დაუწყია და ირლანდიასთანაც 2 ქულა დაკარგა. დანიამ ირლანდიასთან ძალიან კარგად ითამაშა და მეტს იმსახურებდა. ჩემს გუნდს სულ ვთხოვ რომ მეტი სითამამით ითამაშოს, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის. ბევრი რამე დამოკიდებულია მეტოქეზე. დანიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობენ. მათ კარგად ვიცნობთ და იგივე შეიძლება ითქვას პირიქით, მასპინძლებს ჩვენს შესახებაც სრული ინფორმაცია აქვთ.
რაც შეეხება ლობჟანიძეს, ეს ბიჭი ფლანგზე კარგად თამაშობს, თამაშის გამწვავება შეუძლია და ვფიქრობთ რომ მას ხვალ გარკვეული დრო დავუთმოთ.
გურამ კაშია: “დანია ძალიან ძლიერი ნაკრებია, ჰყავს უძლიერესი მოთამაშეები და რთული მატჩი გველის. მნიშვნელოვანია ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ, შეცდომები მაქსიმალურად შევამციროთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. გიბრალტარმა მოახერხა და მომენტი შეგვიქმნა და მჯერა შანსი ჩვენც გვექნება. რაც შეეხება ახალგაზრდების, გამოუცდელების განწყობას, მოტივაციას. მე ასე ვფიქრობ, თუ მოთამაშე ძირითად შემადგენლობაშია, ნაკრებშია, ის სრულფასოვნად უნდა იყოს მზად სათამაშოდ. ფეხბურთელი ნაკრებშია, კაცია და ვალდებულია თავდაჯერებულმა ითამაშოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნაკრების შედარებით გამოცდილი ფეხბურთელები ვეხმარებით ახალგაზრდებს, თუმცა ბევრი რამე მათ თვითონ უნდა მოახერხონ“.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო