განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ეროვნული ნაკრების წევრებს უმასპინძლა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეხვედრას სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული ათლეტიზმის დღევანდელი მდგომარეობა და ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. შალვა გოგოლაძემ ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ტოკიოში გამართულ ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე (18-25 მაისი), რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით გამოვიდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, ზურაბ ჭავჭანიძისა და შოთა ბეჟაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა უფროსებში მე-10, ხოლო 23 წლამდელთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა. 83 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დავით გაბელაია დაეუფლა, ხოლო 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი (83 კგ) გახდა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი (205.5 კგ) დაამყარა. 66 და 83 კგ წონით კატეგორიებში მე-7 ადგილებზე გავიდნენ გიორგი ბეჟაშვილი და შალვა ყარალაშვილი, ხოლო ლევან გილიგაშვილი (83 კგ) ტრავმის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო