საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა. გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გურამ გასიტაშვილი გახდა. ზვიად ოდიშაშვილის გამარჯვებით დასრულდა 70 კგ წონითი კატეგორია. ფალავნობის გამარჯვებულები ასევე გახდნენ გიორგი კაციაშვილი (80 კგ), გიორგი მელაძე (90 კგ) და გიორგი ქავთარაძე (+90 კგ). მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში ქავთარაძემ გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა. ტურნირში, რომლის საპირზო ფოდი 5 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, სხვა ოფიციალური პირები და გულშემატკივრები.
ტურნირის მონაწილეებმა და ჩასულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი. ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ 26 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად.
2018 წელს UNESCO-მ ქართული ჭიდაობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. დღემდე, ნუსხაში შეტანილია სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.).
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო