ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
შალვა გოგოლაძემ საპლაჟო ჭიდაობის ნაკრებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს საპლაჟო ჭიდაობის ნაკრების წევრებს შეხვდა და მსოფლიო სერიის სალიცენზიო ტურნირებზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეხვედრას დაესწრო ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე, რომელმაც საპლაჟო ჭიდაობაში მიღწეულ ბოლოდროინდელ წარმატებებზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებმა საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. რიო დე ჟანეიროში ჯემალ კილაძის გუნდმა ოთხი მოჭიდავით იასპარეზა და ოთხივე მათგანი ტურნირის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებულად იასპარეზეს მარტში გამართულ მსოფლიო სერიის პირველ ტურნირზეც, სადაც სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. შედეგად, საქართველოს ნაკრები სან დიეგოს მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებზე ყველა წონაში იასპარეზებს.

რიო დე ჟანეიროში ოქროს მედლის მფლობელები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+ 90 კგ) გახდნენ. სწორედ ამ მოჭიდავეებით გაემგზავრება ჩვენი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს კალიფორნია, კერძოდ კი ქალაქი სან დიეგო ოქტომბერში უმასპინძლებს.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო