ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: კახიაშვილი პრეზიდენტობას ეცდება, ტალახაძეს კი ქობულეთში დააჯილდოებენ

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კახი კახიაშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ფედერაციასაც უხელმძღვანელებს.

აღმასკომის გუშინდელ სხდომაზე კახი კახიაშვილმა განსახილველად რამდენიმე საკითხი წარადგინა, მათ შორის ქალთა ნაკრების კაპიტნის თათია ლორთქიფანიძის ბრალდებები ფედერაციისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიმართ.

კახიაშვილმა დეტალურად გაიხსენა ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებში ლორთქიფანიძის არდაყენების საკითხი, რის შემდეგაც აღმასკომის წევრების წინაშე თემურ ჯანჯღავაც წარსდგა. მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და დამსწრეთ დეტალურად უამბო სპორტსმენის მხრიდან დაწყებული პრობლემების შესახებ, რომლის მიხედვით თათია სხვადასხვა მიზეზების გამო აცდენდა ნაკრების შეკრებებს.

აღმასკომი ერთსულოვანი იყო და თემურ ჯანჯღავას გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირა. რაც შეეხება თათია ლორთქიფანიძის ნაკრებში დარჩენის საკითხს, სხდომის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენი დაიცავს დისციპლინას და შეკრებებზე გამოცხადდება, მას კვლავ ექნება ჩემპიონატებზე გამოსვლის უფლება.

დღის წესრიგში იყო საქრთველოში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი. აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებით, ფედერაცია თანახმაა მიიღოს და მაღალ დონეზე უმასპინძლოს სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატს.

ასევე განიხილეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების ლაშა ტალახაძის და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონიის გამართვის საკითხიც, რომელსაც 20 მაისს ქობულეთი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის - IWF - პრეზიდენტი ტომაშ აიანი დაესწრება და სწორედ ქობულეთში განიხილება საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხიც.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო