18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექსის - „თბილისი ჰილს“ – ‘Tbilisi Hills Golf & Residences’ - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.
დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - ‘R&A’ (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.
საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „თბილისი ჰილს“.
„თბილისი ჰილს“ საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბია. მოედანი 18 ფოსოიანია. კლუბი, რომელიც 110 ჰექტარზეა გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს გაიხსნა.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო