22 აპრილს ოდესაში, საქართველოს საკონსულოს საკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისი ფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ფეხბურთის პროფესორი“ ჩვენება შედგა. ფილმი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის შესახებ მოგვითხრობს.
ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საკონსულო ოდესაში და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. ღონისძიებას დაესწრნენ ფეხბურთის ვეტერანები, საკონსულოს თანამშრომლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საკონსულოს და ჩვენების საპატიო სტუმარი გახლდათ ევროპის 1986 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ოდესის მკვიდრი, კიევის დინამოს და სსრკ ნაკრების ყოფილი ფორვარდი, გამოჩენილი უკრაინელი ფეხბურთელი იგორ ბელანოვი.
საქართველოს კონსულმა ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილმა მადლობა გადაუხადა რეჟისორ გოგი თორაძეს ქართულ სპორტზე შექმნილი ფილმებისთვის.
იგორ ბელანოვმა ხაზი გაუსვა ქართული ფეხბურთის უდიდეს ისტორიას და ტრადიციებს: „ძალიან მენატრება საქართველო. მე და საშა ჩივაძე ერთად ვთამაშობდით სსრკ ნაკრებში, ჩივაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ფეხბურთის წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ საშა დიდი იუმორის და ინტელექტის ადამიანია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში და ფეხბურთში“.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გოგი თორაძეს შესანიშნავი ფილმისთვის. „ასეთი ფილმების გადაღებას და ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთის ისტორიის და პოპულარიზაციისთვის“, - თქვა ბელანოვმა.
რეჟისორმა გოგი თორაძემ აღნიშნა, რომ ფილმში საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ალექსანდრე ჩივაძის კარიერა და ცხოვრება, ქართველ ვარსკვლავზე კი თავის აზრს გამოთქვამენ მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვა დიდებული მოთამაშეები.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო