ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ქართული კალათბურთი“ - კიშინიოვში ქართული ფილმი უჩვენეს

კიშინიოვში, მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია. პრეზენტაციას დაესწრნენ მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 1996 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ნიკოლაი ჟურავსკი, საქართველოს ელჩი მოლდოვაში, ვეტერანი მორაგბე მერაბ ანთაძე, კალათბურთის ვეტერანები, მსაჯები, მწვრთნელები, მოლდოვაში არსებული ქართული საზოგადოება „სამშობლოს“ წარმომადგენლები, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი მოლდოვას რესპუბლიკაში პაატა კეჟერაშვილი.

ნიკოლაი ჟურავსკიმ და მერაბ ანთაძემ პრეზენტაციაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას და თანამშრომლობას სპორტის სფეროში.

აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მიმართულია სპორტის პოპულარიზაციისკენ და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გაღრმავებას.

ჩვენების ინიციატორმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თენგიზ პაჭკორიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო გოგი თორაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია, აღნიშნა, რომ გოგი არის 30-ზე მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი თუ მხატვრული ფილმის ავტორი, მათ შორისაა 15 ფილმი სპორტზე - ჩვენი ფეხბურთი, ფეხბურთის პროფესორი, ოვალური ბურთი, კომენტატორი, სნაიპერი, ქართული კალათბურთი  და ასე შემდეგ.

ფილმი „ქართული კალათბურთი“ არის ნეაპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, ხოლო „ჩვენი ფეხბურთი“ გახდა მილანის და ტაშკენტის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.

გოგი თორაძემ აღნიშნა, რომ თითქმის ორი წელიწადი სხვადასხვა ქვეყანაში აგროვებდა მასალებს ხსენებული ფილმისთვის და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გადაიღო ფილმი, რომელშიც უნიკალურ საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია.

კიშინიოვში გამართულ ფილმის საჯარო ჩვენების მონაწილეებს მიმართა ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა ტიტულიანმა ქართველმა კალათბურთელმა მედეა ჩხეიძემ. პრეზენტაციის მონაწილეებს თბილისიდან მიმართეს კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს ქალთა ნაკრების ექს-კაპიტანმა ლიკა ქაჯაიამ.

ფილმის დაწყებამდე  თენგიზ პაჭკორიამ მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ნიკოლაი ჟურავსკის და მის კოლეგებს გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საჩუქრები.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო