განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მოკრივეთა 22 წლამდე ნაკრების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული კრივის ბოლოდროინდელი მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგაძემ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მოკრივეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას ესწრებოდნენ კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რომელიც თებერვალში ევროპის კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები - ბეჟან ჭიჭინავა და შალვა დუნდუა.
2019 წელი საქართველოს კრივის ფედერაციისთვის წარმატებულად დაიწყო. 10-17 მარტს, ვლადიკავკაზში გამართულ ევროპირველობაზე, 22 წლამდე ნაკრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანა ხუნჯუა გახდა პირველი ქართველი მოკრივე გოგონა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მედალს დაეუფლა. ხუნჯუამ (54 კგ) მეოთხედფინალში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალში მასპინძელთა წარმომადგენელთან დამარცხდა და ისტორიული მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები ვაჟთა შორის მოიპოვეს ნოდარ დარბაიძემ (52კგ), არტიუშ გომციანმა (56კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91კგ).
ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ევროპის კრივის ფედერაციის აღმასკომის სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს აგვისტოში თბილისი უმასპინძლებს.
ფოტო: გელა ბედიანაშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო