საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრი ლევან მატიაშვილის ვერცხლით დაასრულა. მძიმეწონოსანმა ფალავანმა ბოლო ორ კვირაში მეორე ფინალში იჭიდავა და ამჯერად ვერცხლი მოიპოვა. ერთი კვირის წინ, თბილისში, ლევანი ჩემპიონი გახდა.
ჰოლანდიელ როი მეიერთან ფინალურ ჭიდილამდე მატიაშვილმა ზედიზედ დაამარცხა რაკან ზაიდანი (საუდის არაბეთი), იაკოვ ხამო (უკრაინა), დავიდ მოურა (ბრაზილია) და უშანგი კოკაური (აზერბაჯანი). გადამწყვეტ პაექრობაში მეიერმა იძალა. მატიაშვილის დარად, ჰოლანდიელმაც ზედიზედ მეორე მედალი მოიპოვა - თბილისში ის ბრინჯაოს დაეუფლა.
ლევან მატიაშვილი 2013 წლიდან ასპარეზობს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში და ანტალიაში მოგებული ვერცხლი მისთვის მე-15 მედალია: 2-ჯერ დაეუფლა ოქროს, 4-ჯერ დამარცხდა ფინალში, 9 შემთხვევაში კი მესამე ადგილზე გავიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ლევანი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ მძიმე წონაში.
ანტალიის გრან პრის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ოქროს და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაოთი პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ლუკა მაისურაძე (81კგ), მატიაშვილის დარად ფინალში დამარცხდა გიორგი პაპუნაშვილი (90კგ), ბრინჯაოს მედლებს კი ბაგრატ ნინიაშვილი (60კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) დაეუფლნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო