ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაო მოიგო!

ანტალიის გრან პრი, სადაც საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს, გუნდმა ბრინჯაოს მედლით დაიწყო - 66კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ბაგრატ ნინიაშვილმა დაიკავა.

პირველ წრეში ის თავისუფალი იყო, 1/16-ფინალში კი თურქ აბდულა ბერკინ ოქზანს სძლია. მომდევნო წრეში ქართველმა ბრაზილიელი შარლ შიბანა დაამარცხა, ნახევარფინალის საგზური კი პორტუგალიელ ჟოაო კრიზოსტომოსთან გამარჯვებით მოიპოვა.

1/2-ფინალში ნინიაშვილი რუს მიხაილ პულიაევთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი რუსეთის გუნდის მეორე წევრ აბდულა აბდულჟალილოვს დაეჭიდა და გაიმარჯვა.

ბაგრატ ნინიაშვილმა 2019 წელს მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: ეკატერინბურგის გრან სლემსა და ერთი კვირის წინ, თბილისში დასრულებულ გრან პრიზე ის ასევე მესამე ადგილზე გავიდა.

სამწუხაროდ, სხვებმა მედლისთვის ვერ იბრძოლეს. 60კგ წონაში ჯაბა პაპინაშვილი ტაივანელ იუნ ვეი იანთან დამარცხდა, ირაკლი კუპატაძემ კი ვერაფერი მოუხერხა ჩეხ დავიდ პულკრაბეკს.

66კგ წონაში იასპარეზა ვანო მახათაძემ, რომელმაც 1/32-ფინალში ჯერ ბოტსვანელი გევინ მოგოპა დაამარცხა, 1/16-ფინალში ჩინელი ჟიკიან ვუ, 1/8-ფინალში კი თურქ სინან სანდალს სძლია. 1/4-ფინალში ქართველი მომავალ ჩემპიონ დენის ვიერუსთან (რუმინეთი) დამარცხდა, რასაც დამამშვიდებელ წრეში რუს აბდულა აბდულჟალილოვთან წაგება მოჰყვა.

გოგონებმა პირველივე პაექრობები დათმეს: ნატალია ყიფშიძემ (48კგ) ჩინელ იაო ჟიონთან, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52კგ) ასევე ჩინელ ლიპინ ლიუსთან, ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) გერმანელ საფო კობანთან, მარიამ ჯანაშვილმა კი მააიან გრინბერგთან (ისრაელი).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო