საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“
">
სპორტკომპლექს „არენა I“-ში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა. სემინარი მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძემ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა გახსნეს.
სემინარი 6 აპრილს გასამართ სპორტის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც შემდეგი დევიზით ტარდება - სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის. სემინარის მონაწილეებმა - სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, სპორტის საერთაშორისო დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინეს, საუბარი შეეხო მასობრივი სპორტის განვითარების ხედვასა და ინიციატივებს, მოეწყო დისკუსია, საჯარო მსჯელობა და ფოტოგამოფენა, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Development and Peace).
ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს ინიციატივით, 2 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაიწყო ე.წ. „თეთრი ბარათის“ (#WhiteCard) კამპანია, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. კამპანიას შეუერთდნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი პარასპორტსმენებთან ერთად, მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ავტოსპორტში დათა ქაჯაია, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ჭადრაკის, უშუს ფედერაციები და სხვა. მიმდინარე დღეებში „თეთრი ბარათის“ აქციას სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
თეთრი ბარათის კამპანია, ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. „წითელი ბარათის“ საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩატარდება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სპორტული აქტივობები, შეჯიბრები და სანახაობები სპორტის მრავალ სახეობაში. თბილისში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებს ვაკის პარკი 11:00 საათიდან უმასპინძლებს.
„თეთრი ბარათის“ წინა მხარე სრულიად თეთრია, ხოლო უკანა მხარეს დატანილია კონკრეტული მესიჯები და კამპანიაში ჩართვის წესი. კერძოდ:
ღონისძიებაში ჩართვის მსურველები ერთმანეთს გამოიწვევენ კამპანიაში ჩართვის მიზნით. ფოტოს ატვირთვის შემდეგ, კამპანიის ინიციატორ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ჩართულობის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებში და შეაფასოს აქტიურობის დონე.
წლის მანძილზე გამოვლინდება ყველაზე აქტიური ქვეყანა და გადაეცემა სიმბოლური პრიზი. აღნიშნული ღონისძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. კამპანიაში უკვე ჩაერთო არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი. საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო