ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბრინჯაოს დღე თბილისის გრან პრიზე

თბილისის გრან პრის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის ნაკლებ წარმატებული გამოდგა - გუნდმა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 73კგ წონით კატეგორიაში ვალერი იაშვილმა დაიკავა მესამე ადგილი, 81კგ წონაში კი ტატო გრიგალაშვილმა.

დღევანდელი მწირი მონაგარი მწვრთნელების გადაწყვეტილებით უნდა აიხსნას: ამ წონებში მათ მეორე-მესამე ნომრებს მისცეს გამოცდილების მიღების და თავის გამოჩენის საშუალება. სამწუხაროა, რომ რამდენიმე მათგანმა პირველივე შეხვედრა დათმო. ეს განსაკუთრებით 81კგ წონის ფალავნებზე ითქმის, რადგანაც მსუბუქ წონაში ყველამ მოიგო თუნდაც ერთი, პირველი პაექრობები.

ხვალ თბილისის გრან პრის ბოლო დღეა და საქმეში მძიმეწონოსნები ერთვებიან. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს 90კგ წონაში ბექა ღვინიაშვილის და ავთანდილ ჭრიკიშვილის ასპარეზობა. ღვინიაშვილი ფავორიტია, მსოფლიოს ჩემპიონ ჭრიკიშვილს კი ლიდერობა და გაისად ტოკიოში მესამე ოლიმპიადაზე ასპარეზობა სურს. მას შემდეგ რაც წონა შეიცვალა, ავთანდილს ძველი ფორმის დაბრუნება უჭირს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თბილისის გრან პრის სრულ მზადყოფნაში ხვდება.

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილის გარეშე დარჩა. გეცოდინებათ: ქართველი ფალავანი IJF-მა ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ყაზახური კურაშის მსოფლიო პირველობაზე გამოსვლის გამო. თბილისის გრან პრის შარშანდელი ტრიუმფატორი თუშიშვილი დღეს გამართულ პაექრობებს გულშემატკივრის რანგში დაესწრო.

მის არყოფნაში ნაკრების ლიდერებად ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი უნდა განვიხილოთ.

ორივე გამოცდილი და რაც არანაკლებ მნიშნელოვანია, ტიტულიანი ფალავანია. ოქრუაშვილმა თბილისის გრან პრი 2014, 2015 და 2017 წლებში მოიგო, მატიაშვილმა კი 2014, 2017 და 2018 წლებში მესამე ადგილი დაიკავა, 2015 წელს კი ფინალი დათმო ოქრუაშვილთან.

გოგონებს შორის საქართველოს ღირსებას მხოლოდ სოფიო სომხიშვილი (+78კგ) დაიცავს. მისი პირველი მეტოქე იტალიელი გერია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო