თბილისის გრან პრის პირველი დღე დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 29 მარტი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს 2 მედლით დაასრულა.
ოლიმპიურ სასახლეში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა! 60კგ წონაში მოასპარეზე ათლეტმა, ვინც რეიტინგის მე-10 ნომერი გახლავთ, ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა ამ ტურნირზე! აქვე გეტყვით, რომ ეს მისი მეოთხე მედალია თბილისურ შეჯიბრებაში - 2014 წელს გამართული პირველი გრან პრი მან მესამე ადგილზე დაასრულა.
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის - IJF - ტურში წელს ლუხუმმა მეორედ მოიპოვა მედალი: დიუსელდორფის გრან სლემზე მესამე იყო.
ჩემპიონობა შეეძლო გიორგი თუთაშვილს (66კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მას შედარებით გამოცდილმა ტალ ფლიკერმა (ისრაელი) აჯობა. ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა უფროსებს შორის პირველი მედალი მოიპოვა. აქამდე მისი ერთადერთი საერთაშორისო წარმატება 2006 წელს, ანტალიაში (თურქეთი) ჭაბუკთა შორის ევროპის თასზე მოგებული ვერცხლი იყო.
დღეს ვაჟებმა მხოლოდ 60-66კგ წონით კატეგორიებში გაითამაშეს მედლები და ქართველებმა ორივეგან მოიგეს ბრინჯაო: ჯაბა პაპინაშვილმა 60კგ-ში, ბაგრატ ნინიაშვილმა კი 66კგ-ში.
„გახარებული ვარ, არც ისე დიდი ხანია უფროსებში ვასპარეზობ და ყველა მედალი დიდ სიხარულს მანიჭებს. ძიუდო მიყვარს, მონდომებით ვვარჯიშობ და ვიმედოვნებ, დროის სვლასთან ერთად მედლების ხარისხიც გაუმჯობესდება“, - ასეთი იყო ჯაბა პაპინაშვილის კომენტარი. ჭაბუკთა შორის მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონმა გრან პრის სერიის ტურნირებში მეორე მედლით დაიმშვენა მკერდი - შარშან ანტალიაში ის მეორე იყო.
„უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა წაგებულ შეხვედრაში უკეთ უნდა მეასპარეზა და ბრინჯაოს ნაცვლად ოქროსთვის ვიჭიდავებდი. მომდევნო გეგმებზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, მალე ანტალიის გრან პრი გაიმართება, თუმცა წავალ თუ არა თურქეთში, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია“, - განუცხადა ნინიაშვილმა აჭარასპორტს.
ახალგაზრდა ფალავანმა, ვინც ასაკობრივი მსოფლიო და ევროპირველობების მესამეადგილოსანი გახლავთ, მიმდინარე სეზონში მეორე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ორი კვირის წინ ის ასევე მესამე იყო ეკატერინბურგის გრან სლემზე. IJF-ის ტურში მის აქტივში, ჯერჯერობით, ერთადერთი ოქროა - შარშან, ანტალიის გრან პრიზე მოგებული.
ხვალ გრან პრის მეორე დღეა. ვაჟები მედლებს 73 და 81კგ წონებში გაითამაშებენ, ხოლო გოგონები 63 და 70კგ წონით კატეგორიებში.
საქართველოს ნაკრების ღირსებას შემდეგი ათლეტები დაიცავენ:
ვაჟები - 73კგ
ფრიდონ გიგანი - ჩოიჯილსურენ განბოლდი (მონღოლეთი)
ვალერი იაშვილი - დმიტრი მინკოვი (ბელარუსი)
გიორგი ჩიხელიძე - შატლიკ ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი)
ლაშა გიუნაშვილი - ვაძიმ შოკა (ბელარუსი)
ვაჟები - 81კგ
გიორგი კაციაშვილი - ჰანს კონრადი (გერმანია)
ბექა დონღვანი - კამოლიდინ რასულოვი (უზბეკეთი) vs ვასილიოს ბალამპანაშვილი (საბერძნეთი)
ტატო გრიგალაშვილი - დაიანჩ ომიროვი (თურქმენეთი)
კობა მჭედლიშვილი - მატეო მარკონჩინი (იტალია)
გოგონები - 63კგ
მზია ბებოშვილი - მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
გოგონები - 70კგ
მარიამ ჭანტურია - ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო