ქართული
სპორტი
 
 
ყინულის ჰოკეი
სპორტის სახეობის აღწერა

სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კანადაში. შაიბიანი ჰოკეის წინამორბედად ითვლება ბურთყვანჭიანი ჰოკეი - ნიდერლანდებში XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული თამაში, რასაც ადასტურებს იმდროინდელ ნიდერლანდელ მხატვართა არაერთი გრავიურა და სურათი. ნიდერლანდებიდან ყინულის ჰოკეი მოხვდა ინგლისში, იქიდან კი კანადაში.

პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა 1875 წლის 3 მარტს მონრეალში. თითოეული გუნდი 9-9 მოთამაშისგან შედგებოდა, შაიბა ხისა იყო.

1877 წლის 27 თებერვალს Montreal Gazette-მა ბალახის ჰოკეის წესების მიხედვით ყინულის ჰოკეის პირველი წესები გამოაქვეყნა.

1890 წელს ჩამოყალიბდა კანადის ჰოკეის ასოციაცია. ყოველწლიურად იმართებოდა ჩემპიონატები. გამარჯვებულ გუნდს გადასცემდნენ სტენლის თასს, რომელიც 1893 წელს დააწესა კანადის გენერალ-გუბერნატორმა, ბრიტანელმა ლორდმა სტენლი პრესტონმა. სტენლის თასი ჯერ კანადის სამოყვარულო ჰოკეის უმაღლესი პრიზი იყო, შემდეგ - კანადისა და აშშ-ის პროფესიონალთა გუნდების უმთავრესი ჯილდო.

1917 წელს დაარსდა ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL). უფრო ადრე, 1908 წელს, პარიზში გამართულ კონგრესზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბელგიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. ამავე წელს მათ შეუერთდა ბოჰემია (შემდგომში ჩეხოსლოვაკია).

ყინულის ჰოკეის პირველი დახურული, ხელოვნურსაფარიანი, 10 ათას ადგილიანი სტადიონი აშენდა მონრეალში 1899 წელს. ერთი წლის შემდეგ კანადელმა ფრენსის ნელსონმა გამოიგონა ჰოკეის კარის ბადე. მოგვიანებით განისაზღვრა სათამაშო მოედნის ზომა (61X30მ), მატჩი დაიყო 3 20-20-წუთიან პერიოდად, მოედნის მოთამაშეთა რაოდენობა კი 6-მდე შემცირდა.

1929 წელს შემოიღეს მეკარის ნიღაბი, რომელიც პირველად მოირგო კლინტ ბენედიქტმა (მონრეალ მერუნზი).

XX საუკუნის დასაწყისში ყინულის ჰოკეი ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და ზამთრის სპორტის სახეობად იქცა.

ყინულის ჰოკეის ოლიმპიური დებიუტი შედგა ზაფხულის VII თამაშებზე (1920, ანტვერპენი). მონაწილეობდა 7 ქვეყანა. გაიმარჯვა კანადამ, რომლის ღირსებასაც იცავდა საკლუბო გუნდი ვინიპეგ ფალკონსი.

1924 წლიდან ყინულის ჰოკეი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია. 1998 წლიდან ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტ ქალთა გუნდებიც მონაწილეობენ.

ყინულის ჰოკეი საქართველოში
საქართველოში ყინულის ჰოკეის თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს. ამ საქმეს მეთავეობდა მოსკოვიდან მოწვეული მწვრთნელი ვალენტინ ზახაროვი.

1961 წლის იანვარში ბაკურიანში რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ამ გუნდებში ძირითადად საქართველოში დისლოცირებული სსრკ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შედიოდნენ, თუმცა ახალი თამაშის დაუფლება ქართველმა ენთუზიასტებმაც სცადეს. რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის სახელი მოიპოვა ახალქალაქის გუნდმა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდს 9:4 მოუგო.

1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მეორე ჩემპიონატი. ამჯერად შეჯიბრებში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები ჩაებნენ. ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის პირველმა გუნდმა, რომელმაც წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქის ჰოკეისტები 4:2 დაამარცხა.

ამ ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ორი მატჩის მოგება შეძლო (ყირგიზეთთან - 1:0, სომხეთთან - 11:2) და 12 მონაწილეს შორის X ადგილზე გავიდა.

საქართველოში ყინულის ჰოკეის ინტერესი კვლავ გაჩნდა 1970-იან წლებში. პირველი თაობის ნაკრების წევრმა ნოდარ დონაძემ ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი „პირველი მერცხალი“, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრში - „ოქროს შაიბაში“ ითამაშა. ამ გუნდის მეკარემ კოტე ბახუტაიშვილმა 1988 წელს სსრკ იუნიორთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნოდარ დონაძის მოწაფეების - დენის დავიდოვის და ლაშა ცაგარეიშვილის თაოსნობით, 2004 წელს დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 2009 წელს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

2008 წელს ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში, 2012 წელს კი შედგა საქართველოს ნაკრების დებიუტი ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში.

2018 წელს ჩვენი გუნდი ამ დივიზიონის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ლიგაში ერთი საფეხბურით დაწინაურდა.

ყინულის ჰოკეის წესები
თამაშობს ორი გუნდი ყინულით დაფარულ მოედანზე, რომლის სიგრძეა 56-61მ, სიგანე - 26-30მ (ჩრდილოეთ ამერიკაში მოედანი, ტრადიციულად უფრო ვიწროა, ვიდრე ევროპაში).

გუნდში 20 მოთამაშეა, მაგრამ მოედანზე თითოეული გუნდიდან ერთდროულად იმყოფება 6-6 მოთამაშე, მათგან ერთი მეკარეა. მოედნის მოთამაშეებისა და მეკარის შეცვლა ნებადართულია თამაშის ნებისმიერ მომენტში, შეუზღუდავად.
თამაშის მიზანია მეტოქის კარში რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა. გოლი გატანილად ითვლება, თუ შაიბა კარის პირით ხაზს გადაკვეთს. კარის სიგანეა 1,83მ, სიმაღლე - 1,22მ, აქვს ბადე.

მოედანი შემოსაზღვრულია ხის ან პლასტიკის თეთრად შეღებილი კედლით, ეგრეთ წოდებული ბორტით, რომლის სიმაღლეა 1,20-1,22მ.

ჰოკეისტები დგანან სტანდარტულ ციგურებზე (აკრძალულია ფიგურული სრიალისა და ჩქაროსნული რბოლისთვის განკუთვნილი ციგურების გამოყენება), ხელში უჭირავთ ხის ყვანჭი (შეიძლება პლასტიკის ან ალუმინისგან დამზადებული ყვანჭის ხმარებაც), რომელსაც შაიბას ურტყამენ. ყვანჭის სწორი ნაწილის სიგრძეა 135სმ, სიგანე - 3სმ, სისქე - 2,5სმ; მოკაუჭებული ნაწილის სიგრძე - 37სმ, სიგანე - 7,5სმ. მეკარის ყვანჭი განსხვავებულია: მოკაუჭებული ნაწილისა და სწორი ნაწილის ქვედა მონაკვეთი (61სმ) სიგანით 9სმ-ია.

თამაშობენ ვულკანიზებული რეზინისგან დამზადებული, 2,54სმ სიმაღლისა და 7,62სმ დიამეტრის შაიბით, რომლის წონაა 156-170 გრამი.

თამაში შედგება 3 20-20-წუთიანი პერიოდისაგან (ითვლება მხოლოდ ის დრო, როცა შაიბა თამაშშია), შესვენება - 15 წუთი. ყოველი პერიოდის შემდეგ გუნდები კარებს ცვლიან. დამატებითი პერიოდი (10წთ) ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ფლეი-ოფის სისტემით აუცილებელია გამარჯვებულის გამოვლენა. გოლის გატანისთანავე თამაში წყდება. თუ დამატებითი პერიოდი გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, ინიშნება საჯარიმო დარტყმების სერია.

ყინულის ჰოკეიში ნებადართულია ძალისმიერი ორთაბრძოლა. წესების დარღვევისა და უხეში თამაშისთვის მსაჯი სჯის წესის დამრღვევს. სასჯელი სხვადასხვაგვარია: მცირე ჯარიმა (დამრღვევს მოედნიდან აძევებენ 2 წუთით, მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში რჩება); დიდი ჯარიმა (დამრღვევს აძევებენ მოედნიდან 5 წუთით, მის ნაცვლად თანაგუნდელის გამოსვლა ასევე აკრძალულია). თუ იგივე მოთამაშე მეორედ მიიღებს დიდ ჯარიმას, მას თამაშის ბოლომდე აძევებენ (მის ნაცვლად თანაგუნდელს მოედანზე გამოსვლის უფლება 5 წუთის შემდეგ ეძლევა); დისციპლინარული ჯარიმა (დამრღვევი მოთამაშის გაძევება მოედნიდან 10 წუთით ან თამაშის ბოლომდე. ორივე შემთხვევაში სათადარიგო მოთამაშეს უფლება აქვს მაშინვე შეცვალოს გაძევებული).

საჯარიმო ტყორცნა, ანუ ბულიტი შემდეგნაირად სრულდება: მსაჯი შაიბას დებს გასათამაშებელ ცენტრალურ წერტილზე და ჰოკეისტს ანიშნებს, მოთამაშე იწყებს შაიბიანად მოძრაობას დაჯარიმებული გუნდის კარის მიმართულებით და ცდილობს გოლის გატანას. ტყორცნის შემდეგ საჯარიმო დარტყმა შესრულებულად ითვლება.

ოლიმპიური ორტომეული
(საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ენციკლოპედიური გამოცემა; 2019 წელი)

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო