ბეისბოლის ქართული ისტორია 1985 წლიდან იწყება. პირველი, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, იყო გელა ჩიხრაძე, სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში. იგი გაეცნო ბეისბოლის წესებს, შეკრიბა ენტუზიასტთა მცირე ჯგუფი და მათთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. 1986 წელს გელა ჩიხრაძემ იმოგზაურა კუბაში, საიდანაც მეთოდური ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი ჩამოიტანა. იმავე წელს ჭადრაკის სასახლეში მისი თაოსნობით მოეწყო შეხვედრა, რომელიც საქართველოში ბეისბოლის დანერგვა-განვითარების საკითხებს მიეძღვნა. 1986 წელს დაფუძნდა საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია და შეიქმნა ბეისბოლისტთა პირველი სპორტული კლუბი „ივერია“- 1987-88 წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად კუბასა და აშშ-ში იმყოფებოდა. 1987 წელს „ივერიამ“ პირველი ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა (ქართველებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდენ კიევის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტასკენტისა და ნოვოსიბირსკის გუნდები). 1988-90 წლებში გელა ჩიხრაძე სსრკ ნაკრების მწვრთნელი იყო. 1989 წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი - „მერანი“ (მცვრთნელები - გიორგი პაიჭაძე და დავით ღოთვაძე - „ივერიამ“ და „მერანმა“ 1989 – 90 წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები „მიკერ-ბოკერი“ (1988) და „ბულდოქსი“ (1989) . 1988 წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი - ნუგზარ კაპანაძე ). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი (ხუან ფისტუერი) და ამერიკელი (როჯერ სმიტი, რენდი ბრაუნი) სპეციალისტები. 1992 წელს დაფიძნდა კლუბი „კოტრა“ (მთავარი მწვრთნელი - გიორგი ბროლაძე). 1994 წელს ლაგოდეხში ჩამოყალიბდა კლუბი „ლელიანი“, რომელიც 1995 წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. 1990-91 წლებში ქართველ მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, 1992-93 წლებში - რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, 1994 წელს კი - ევროპის „ბ“ ჯგუფის ფინალისტი.
1994 წელს კიევში გამართული ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, 1997 წელს კი ჰალში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. 1988 წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატი „ბ“ ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2001 წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი) ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა „რაინდებმა“ მსოფლიო „ლითლ ლიგის“ ევროაზიური დივიზიონის გათამაშებაში (მონაწილეობდა 69 ქვეყანა) II ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი - III.
2007 წელს ევროპა-შუა აზია-აფრიკის ექვსგუნდიან ჯგუფში საუკეთესო იყო საქართველოს 19 - წლამდელთა ნაკრები.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო