საქართველოში წყალში მხტომელთა პირველი ოფიციალური შეჯიბრება გაიმართა 1928 წლის ოქტომბერში ბათუმში საზღვაო დღესასწაულის პროგრამით. მონაწილეთა შორის მეტწილად ცურვის მოყვარულები იყვნენ, რომლებმაც ახალ სახეობაში პირველად სცადეს ბედი. ისინი პრიმიტიულად ნაგები კოშკურიდან პირდაპირ ზღვაში ხტებოდნენ.
წყალში ხტომის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო 1956 წლიდან, როცა თბილისში აშენდა ვაკის ზამთრის საცურაო აუზი თავისი ტრამპლინებითა და კოშკებით. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო საქართველოში ერთადერთი აუზი, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვარჯიში. აქ დაოსტატდა ბორის პოლულიახი, რომელმაც საქართველოს წყალში მხტომელთაგან პირველმა მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები: 1961-68 წლებში ხუთჯერ გახდა სსრკ ჩემპიონი, 1962-ში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო. 1964 წელს პოლულიახმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზა და 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მეექვსე შედეგი აჩვენა. 1970-იანი წლებიდან დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ ლიანა ცოტაძე და სერგო შალიბაშვილი, რომლებმაც 10-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჯერ საკავშირო შეჯიბრებებში გაიმარჯვეს, შემდეგ კი - საერთაშორისო ტურნირებში. ცოტაძე ერთადერთი ქართველი მხტომელია, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მედლის (ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. სერგო შალიბაშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: იგი 1983 წელს კანადაში მსოფლიო უნივერსიადაზე გამოსვლისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა. მომდევნო თაობის წყალში მხტომელთაგან საუკეთესო იყო გიორგი ჩიგოვაძე - ევროპის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თანამედროვე საწყლოსნო სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულებამ (1978) და აქ გამართულმა საერთაშორისო ტურნირებმა ხელი შეუწყო საქართველოში წყალში ხტომის შემდგომ გავრცელებას. აღსანიშნავია იური გუტიაკულოვის, ალექსანდრე ბართაიას და სხვა მწვრთნელ-სპეციალისტთა ნაყოფიერი მუშაობა.
დამოუკიდებლობის წლებში სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მართალია, წყალში მხტომელები ეპიზოდურად მაინც ახერხებენ დიდ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სპორტულმა შედეგებმა საგრძნობლად იკლო.
საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო