ქართული
სპორტი
 
 
აფროსნობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში აფროსნობის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 90-იან წლებში. უცხოელ დიპლომატთა და მეწარმეთა სახსრებით ბათუმში გაიხსნა პირველი იახტკლუბი, რომელმაც 1920-იან წლებამდე იარსება. 1924-30 წლებში ბათუმის საზღვაო სადგურის მეზღვაურთა ინიციატივით აფროსანთა არაერთი შეჯიბრება გაიმართა, 1931 წელს კი მოეწყო პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმამდე და უკან. მოგვიანებით საქართველოს აფროსნები “დ-1” და “ს-60” ნავებით სევასტოპოლსა და ოდესაში ჩავიდნენ. პირველი თაობის წარმატებული აფროსნები იყვნენ ანასტას ავალიშვილი, შაენ ავაქოვი და მიხეილ ქორიძე. 1950-იან წლებში ბათუმში ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ გივი კალანდაძე და ნიკოლოზ კადიევი, სოხუმში – ვალერი მანშინი და სერგეი ლაპუშკინი, ფოთში – თამაზ ზოიძე, თბილისში – რევაზ გაჩეჩილაძე, ჯონი ბეიტრიშვილი და ნიკო ენუქიძე. 1963 წელს თბილისის ზღვაზე გაიხსნა იახტკლუბი. თბილისის წყალჯომარდობის სადგურის დირექტორის ვლადიმერ ასათიანის თაოსნობით და ქალაქის სპორტკომიტეტის მხარდაჭერით რუსეთიდან ჩამოიტანეს მსუბუქი ნავები, მოაწყვეს პირველი საწვრთნელი გასვლები. 1963 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სოხუმის, ბათუმისა და ფოთის აფროსნები. 1964 წლიდან საქართველოს გუნდი სისტემატურად გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატებსა და ხალხთა სპარტაკიადებში. 1971 წელს სოხუმში გამართულ ზამთრის საკავშირო ჩემპიონატში სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს გიორგი შაქიაშვილმა, თამაზ ზოიძემ, ილია ფერაძემ და ზაურ ხუხუამ. 1970-იანი წლებიდან განვითარდა საკრეისერო აფროსნობაც. იახტა “კოლხეთის” ეკიპაჟი ხშირად მონაწილეობდა შავი ზღვის საკრეისერო რეგატებში, 1992 წელს კი თურქეთის ღია ჩემპიონატში (“ეგეოსის ზღვის რეგატა”) მეორე ადგილი დაიკავა პირველი კლასის იახტებს შორის.
საქართველოს აფროსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია თბილისელმა გურამ ბიგანიშვილმა, რომელიც “ვარსკვლავის” კლასში გამოდიოდა. 1982 და 1984 წლებში მან ორჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონის წოდება, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მონაწილეობდა ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში.
1990-იანი წლებიდან საქართველოში აფროსნობის განვითარება შეფერხდა და 2005 წლისთვის იახტკლუბი მხოლოდ თბილისსა და ფოთში მოქმედებდა.

საქართველოს აფროსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წელს. აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციაში (ISAF) გაწევრიანდა 1992 წელს. პრეზიდენტები: ედუარდ კანდელაკი (1991-95), კონსტანტინე იოსელიანი (1995-1999), გურამ ბიგანიშვილი (1999-?),  ჯუმბერ ცომაია (დღემდე)

 

    შედეგები
    აფროსნობა (ვარსკვლავის კლასი) - ევროპის ჩემპიონატი, 1984, პალამოსი, ესპანეთი
    გურამ ბიგანიშვილი - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო