ქართული
სპორტი
 
 
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია
სპორტის სახეობის აღწერა

სპორტული ნარდის თამაშის წესები

• ნარდის თამაში მიმდინარეობს ნარდის სპეციალურ დაფაზე ორ მოთამაშეს შორის, წინასწარ დადგენილი ანგარიშის მიღწევამდე.

• დაფასთან ორივე მონაწილე თამაშობს ორი ან ერთი წყვილი კამათლით, ასევე წინასწარ ირჩევა დაფაზე მოთამაშეთა კარების მხარე, შეთანხმებით ან კენჭისყრით (კამათლის გორებით).

• წინასწარ დადგენილი ანგარიშის მისაღწევად, მოთამაშეებს შესაძლოა მოუწიოთ ერთი ან რამოდენიმე ხელის თამაში.

• დაფაზე განლაგებულია ორი განსხვავებული ფერის 15-15 ქვა. თითოეული ფერი განკუთვნილია თითო მოთამაშისათვის. მოთამაშეები ქვებს გადაანაცვლებენ საკუთარი კარის მიმართულებით გაგორებულ კამათელზე ამოსული ციფრების მიხედვით.

• ყოველი ხელი იწყება მოთამაშეთა მიერ, თითო კამათლის გაგორებით, რის შედეგადაც გაგორებული კომბინაცია უნდა ითამაშოს იმ მოთამაშემ, რომელმაც გააგორა უფრო დიდი კამათელი.

• ქვა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ისეთ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ქვების რაოდენობა არ აღემატება ერთს. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს სურს საკუთარი ქვის განთავსება იმ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ერთი ქვა არის წარმოდგენილი, მოწინააღმდეგის ქვა კვდება.

• ქვა ცოცხლდება მოწინააღმდეგე მოთამაშის კარში, კამათელზე გაგორებული რიცხვის შესაბამის სვეტში. თუკი, ყველა სვეტი დაკავებულია, მოთამაშე სვლას ტოვებს.

• დაფიდან ქვების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს მოქცეული, კამათელზე გაგორებული რიცხვების შესაბამისი სვეტიდან.

• თუ დაფიდან ქვების გაყვანის პროცესში მოთამაშის ქვა კვდება, ის გააგრძელებს დაფიდან ქვების გაყვანას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვა საკუთარ კარში დაბრუნდება.

• მოთამაშე ვალდებულია ითამაშოს გაგორებულ კამათელზე დასმული სვლათა მაქსიმალური შესაძლებლობა.

• თუ, ორივე კამათელზე ამოსული კომბინაციის თამაში შეუძლებელია და მოთამაშეს ეთამაშება სათითაოდ თითეული, მაშინ მოთამაშე ვალდებულია ამ ორ სვლას შორის ითამაშოს მაქსიმალური.

• თუ, მოთამაშეს არ შეუძლია კამათელზე არსებული არცერთი კობინაციების თამაში, ამ შემთხვევაში სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე.

• მოთამაშის კამათლები იმყოფება დაფაზე, სვლის დამთავრების ბოლომდე. სვლა ითვლება დასრულებულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოთამაშე აიღებს კამათლებს დაფიდან, ხოლო, საათით თამაშის შემთხვევაში - საათის ღილაკზე ხელის დაჭერით.

• იკრძალება, მოწინააღმდეგის კამათლის აღება დაფიდან. ასევე საკუთარი კამათლის გაგორება, მანამ სანამ მოწინააღმდეგე არ დაასრულებს სვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთამაშეს უფლება აქვს მოწინააღმდეგეს მოსთხოვოს კამათლის თავიდან გაგორება.

• გაგორებული კამათელი, გასული დაფიდან ან არ დამჯდარი დაფაზე მთლიანი გვერდით ან უკან დაბრუნებული უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად, ექვემდებარება თავიდან გაგორებას.

• ხელი მოგებულად ეთვლება მოთამაშეს, რომელმაც მეტოქეზე ადრე გამოიყვანა თავისი ქვები სათამაშო დაფიდან.

• გადავების კუბის გამოიყენება, როდესაც თამაში ერთზე მეტ ანგარიშამდეა, რითიც მოთამაშე აორმაგებს მიმდინარე ხელში მისაღწევ შედეგს. შესაძლებელია, გადავებული ხელის კვლავ გადავება კუბის საშუალებით და ა.შ. (2,4,8,16...).

• მოთამაშეს შეუძლია დაეთანხმოს ხელის გაორმაგების შეთავაზებას ან დანებდეს მოწინააღმდეგეს. თანხმობა დასტურდება, დაფაზე საკუთარ მხარეს, სპეციალურ უჯრაში შეთავაზებული კუბის (გადვების შესაბამისი ციფრით მაღლა) მოთავსებით. დანებების შემთხვევაში მოთამაშე აგებს ხელს შეთავაზებამდე არსებული კუბის მდგომარეობით, პოზიციით ოინი.

• ხელში პირველი დავის თქმის უფლამა აქვს ნებისმიერ მოთამაშეს, რის მერეც არსებული მდგომარეობის კვლავ გადავება კუბზე მოცემული თანმიმდევრობით დასაშვებია მხოლოდ მეორე მოთამაშისათვის და ა.შ. როგრიგობით, საკუთარი სვლის წინ კამათლის გაგორებამდე.

• ხელის მოგებით მიღწეული შედეგი თამაშის დასრულებისას, პოზიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს ერთის (ოინი) ან მეტის (მარსი, კოქსი) ტოლი.

• ოინი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს ერთი ქვა მაინც ყავს დაფიდან გაყვანილი (უბრალო გამარჯვება).

• მარსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გაორმაგება).

• კოქსი ნიშნავს, როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს მკვდარი ან დარჩენილი მოწინააღმდეგის კარში და ამ დროს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (ხელის ანგარიშის გასამმაგება).

• კროუფორდის წესი მოქმედებს, როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩენილი აქვს 1 ქულა, მომდევნო ხელი ტარდება გადავების გარეშე.

 

ნარდის ისტორია

 

მკვლევართა მტკიცებით, ნარდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გავრცელებული და ინტელექტუალური სამაგიდო თამაშს ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ თამაშობდნენ. ყველაზე ძველი ნარდის სათამაშო დაფა აღმოჩენილი იქნა დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე და დათარიღებულია ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლით. ნარდის მსგავსი ანალოგი ნაპოვნია ტუტანხამონის სამარხშიც, რაც ჩვ.წ.აღ-მდე XV საუკუნეს მიეკუთვნება, თუმცა ის ოდნავ განსხვავებული ფორმის იყო.

ვერსიათა ერთ ნაწილს ძველეგვიპტურ სამაგიდო თამაშთან - სენეტთან მივყავართ, რომლის შესახებაც უძველესი ცნობები მესამე დინასტიის პერიოდს (ძვ.წ. 2686-2613 წწ.) უკავშირდება.


ნარდის მეტ-ნაკლებად სარწმუნო ისტორია რომის იმპერიის პერიოდიდან იწყება და ის თამაშ-ტაბულას (თამაშის პირვანდელი სახელი - Lუდუს Dუოდეციმ შცრიპტორუმ) უკავშირდება. მის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში ძვ.წ. V საუკუნის მასალებში გვხვდება, ხოლო სურათები - ძვ.წ. II საუკუნით დათარიღებულზე. ტაბულის დაფა სტრუქტურულად ზუსტად ემთხვევა თანამედროვე ნარდის დაფას და აქაც თითოეული მოთამაშის განკარგულებაში 15 ქვაა. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ რომაელები სამ კამათელს აგორებენ. რომაელებმა ტაბულა ახლო აღმოსავლეთსაც გააცნეს, სადაც ნარდად მისი ტრანსფორმირება თანდათანობით მოხდა.
 

ნარდთან მიმსგავსებული თამაში სპარსეთშიც ძვ.წ. III ათასწლეულშიც ჰქონიათ. ამჟამინდელი სახით კი ნარდი სპარსეთში, სავარაუდოდ, VI საუკუნის შუა ხანებში, ხოსრო I ანუშირვანის (ირანის შაჰი სასანიანთა დინასტიიდან, ქვეყანას მართავდა 531-579 წლებში) დროს გაჩნდა. შემორჩენილია იმ პერიოდის ხელნაწერის ფრაგმენტი, რომლის ავტორად შაჰის ვეზირი, ბრძენი და ასტროლოგი ვაჟურმიჰრი სახელდება. ვაჟურმიჰრმა ახალ თამაშს ნარდ-შირი (დაახლოებით, «ხის პოლიგონი») უწოდა. ვაჟურმიჰრმა თავის ჩანაწერებში ახალი თამაშის ყველა ასპექტი დაწვრილებით აღწერა და არც ის დაუმალავს, რომ მას საფუძვლად უკვე არსებული თამაში დაუდო (შესაძლოა ეს ზემოხსენებული რომაული ტაბულაც ყოფილიყო, ან მისი ნაირსახეობა), თუმცა მიუთითა, რომ სწორედ მან ამოხსნა უძველეს თამაშში ჩადებული და დაშიფრული სიბრძნე. სპარსმა ბრძენმა დაფის სტრუქტურა და ქვების რაოდენობა მაშინდელ კალენდარსა და ასტრონომიულ სწავლებას დაუკავშირა. ვაჟურმიჰრის თქმით, ნარდის დაფა მიწას გამოსახავს, ქვები - ადამიანებს. მოთამაშეები ორი დაპირისპირებული სახელმწიფოს მეფეები არიან, კამათლების შედეგი კი განგების ნებაა. ამრიგად, ნარდის თამაშშიც, როგორც ცხოვრებაში, მეფენი (მოთამაშეები) მართავენ თავიანთ ხალხს (ქვებს), ოღონდ განგების ნებასთან შესაბამისობაში (კამათელზე გამოსახული შედეგებით).
თამაშის დასაწყისში დაფაზე ქვების მწკრივებად განლაგება, ვაჟურმიჰრის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდსა და პატარა ქალაქებში განაწილებას აღნიშნავს, თითოეული ქვის გადაადგილება კი იმ ადამიანის ცხოვრების გზას იმეორებს, რომელიც ქვეყნისა და მეფის სამსახურში მყოფი აგებს ქალაქებს, იცავს სამშობლოს, ეომება სხვა ქვეყნის ხელმწიფეთა ჯარს...
ვაჟურმიჰრი ადამიანისთვის სიცოცხლის იდეალურ დასასრულად სიბერისგან, საკუთარ კედლებში, მშვიდობიან გარემოში აღსასრულს მიიჩნევს და მისი განმარტებით, სწორედ ამას გამოსახავს ნარდის თამაშის ფინალურ ეტაპზე ქვების სათამაშო დაფიდან (საკუთარი «კარიდან») გაყვანა.
ამრიგად, ერთ-ერთი მოთამაშის გამარჯვება, რომელიც სრულად გაიყვანს ქვებს თავისი «კარიდან», აღნიშნავს შემდეგს: მეფე წარმატებულია და ქვეყანას მაშინ მართავს სწორად, თუკი ადამიანები თავიანთ ცხოვრების გზას, ბუნებრივი ფაქტორებისა და მტრული სახელმწიფოების ზემოქმედების გარეშე, მშვიდად გაივლიან და იმქვეყნად «საკუთარი კედლებიდან» გაემგზავრებიან.
 

სპარსეთში VI საუკუნეში დაბადებული თამაში მალევე გავრცელდა მის საზღვრებს გარეთ. თავისთავად, ნარდის პოპულარობა თამაშის წესების სიმარტივემ, ინვენტარის უბრალოებამ და გამორჩეულმა აზარტულობამ განაპირობა.

შუა საუკუნეებიში აღმოსავლეთიდან ევროპაში ნარდის გავრცელება ჯვაროსნულ ლაშქრობებს უკავშირდება. ამ პერიოდიდან ნარდი ინგლისის სამეფო კარზე საკმაოდ პოპულარული გახდა.
მას შემდეგ, რაც ნარდი ევროპაში შევიდა, სხვადასხვა ქვეყანაში თამაში განსხვავებულად განვითარდა და წესების ნაციონალური ვარიაციები შეიქმნა. ერთიანი წესების არარსებობა კი, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნიდა. ვითარება 1743 წლის შემდეგ შეიცვალა. ცნობილმა ინგლისელმა ნარდის მოყვარულმა ედმონდ ჰოილმა გამოსცა ნარდისადმი მიძღვნილი წიგნი. მასში ავტორმა თამაშის ისტორია, წესები (იმ დროისთვის არსებული ვარიაციებით), ძირითადი ტაქტიკური პრინციპები აღწერა და წარმოადგინა თამაშის («მოკლე ნარდი», ინგლ. Backgammon) ერთიანი წესები. აქედან ძველი სპარსულის საფუძველზე, თანამედროვე ნარდის წესები ჩამოაყალიბა. «წიგნი ნარდზე» სწრაფად გავრცელდა, გახდა ინტერნაციონალური და მოთამაშეებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გაუადვილდათ.

XIX საუკუნიდან მოყოლებული, მიმდინარეობდა ნარდის თამაშის ტრანსფორმირება  რაც ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი - თამაში უფრო სტრატეგიული გამხდარიყო, საბაზო წესების გათვალისწინებით და მეორე - შეძლებისდაგვარად, მინიმუმამდე დასულიყო გამართლების, იღბლის ფაქტორი და წინა პლანზე ოსტატობა და ცოდნა წამოწეულიყო.
XX საუკუნის დასაწყისისთვის ნარდის უამრავი სათამაშო კლუბი არსებობდა. 1931 წელს აშშ-ში ნარდის ერთიანი, ინტერნაციონალური სატურნირო წესების დასადგენად კონფერენცია გაიმართა. მასში პროფესიონალ მოთამაშეებთან ერთად, კლუბების მეპატრონენიც მონაწილეობდნენ. ხანგრძლივი სჯა-ბაასისა და განხილვის შემდეგ, ნარდის თამაშმა დღევანდელი სახე მიიღო.აქტიურად დაიწყო სხვადასხვა რანგის  საერთაშორისო ტურნირებისა და შეჯიბრებების მოწყობა. 1967  წლიდან დაიწო ნარდში ოფიციალური მსოფლიო  ჩემპიონატების ჩატარება.

 

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო