ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მიხეილ მესხი

დაბადების თარიღი 12/01/1937   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ფეხბურთელი, თავდამსხმელი
დაიბადა 1937 წლის 12 იანვარს თბილისში. გარდაიცვალა 1991 წლის 22 აპრილს თბილისში

კარიერა:
1955-1969 - თბილისის დინამო
1970 - თბილისის ლოკომოტივი
1959-1966 - სსრკ ნაკრები

ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი - 1960
სსრკ ჩემპიონი - 1964
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1959, 1962, 1967
სსრკ თასის ფინალისტი - 1960
სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1956
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „33 საუკეთესო ფეხბურთელის“ სიაში 7-ჯერ მოხვდა: #1 - 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965; #3 - 1958

ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 1999
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1965
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*- ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე სკოლაში დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ კიკნაძე გახლდათ.

*- 1959 წლის 6 სექტემბერს, მოსკოვში, ვ.ი.ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, 22 წლის და 7 თვის ასაკში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. დებიუტი 35-ე წუთზე გატანილი გოლით აღნიშნა. 1966 წლის 20 აპრილის ჩათვლით 35-ჯერ იასპარეზა ნაკრების მაისურით და 4 გოლი გაიტანა (მომდევნო სამი მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩებში).

*- ევროპის პირველ, 1960 წლის ჩემპიონატზე, რომელიც საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მიხეილ მესხმა ნახევარფინალსა (3:0 ჩეხოსლოვაკიასთან) და ფინალში (2:1 იუგოსლავიასთან) შეუცვლელად ითამაშა.

*- მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე სამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა: ჯგუფში იუგოსლავიასთან (2:0) და კოლუმბიასთან (4:4), ასევე მეოთხედფინალში ჩილეს წინააღმდეგ (1:2).

*- 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე (ტაშკენტში მოსკოვის ტორპედოს წინააღმდეგ - 4:1) და ერთ-ერთი გოლის ავტორი.

*- თბილისის დინამოს მაისურით სსრკ ჩემპიონატებში, თასზე და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში საერთო ჯამში 356-ჯერ ითამაშა და 76 გოლი გაიტანა.

*- მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ (1971) დააარსა საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1991 წლის აპრილში, მიხეილ მესხის გარდაცვალების შემდეგ, სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

*- 1968 წლის 16 მაისს ლელომ, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, 1921-1968 წლების საქართველოს სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მიხეილ მესხი 679 ქულით თავდასხმის ოთხეულში მოხვდა, რჩეულ ფეხბურთელთა შორის კი მეექვსე ადგილზე გავიდა.

*- 1989 წლის 1-3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, მიხეილ მესხის ფეხბურთიდან წასვლის ოცი წლისთავთან დაკავშირებით, მისი სახელობის დიდი პრიზი გათამაშდა ვეტერან ფეხბურთელთა შორის. შეჯიბრების დასასრულს მიხეილ მესხს ავტომობილი გაზ 24-10 უსახსოვრეს.

*- 1998 წელს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვით (გულშემატკივართა შორის), 2652 ქულით საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იმავე გაზეთის მეორე რეფერენდუმში 762 ქულა მოაგროვა და XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

*- 2004 წელს თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მისი სახელი მიენიჭა.

*- 2004 წელს, ფიფას საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია (ავტორი - პაატა ნაცვლიშვილი). ერთ-ერთზე, 50 თეთრის ღირებულების მარკაზე მიხეილ მესხია გამოსახული.

*- 2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის დინამოს მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ მესხის სტადიონის შესასვლელთან დაიდგა მისი ძეგლი (მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია).

*- 2016 წელს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბურუნდიმ გამოსცა საფოსტო ბლოკი მიხეილ მესხის გამოსახულებით.

*- მისი ვაჟი, უმცროსი მიხეილ მესხი 1979-1986 წლებში თბილისის დინამოს ძირითადი და დუბლშემადგენლობის წევრი იყო, 1987 წელს კი მოსკოვის სპარტაკში გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

*- მიხეილ მესხის შესახებ ექვსი წიგნია გამოცემული: გარი მეტრეველის „მინდორზეა მეთერთმეტე ნომერი“ (1964), დემიკო ლოლაძის „მიხეილ მესხი“ (1988), მის მიერვე შედგენილი ფოტოალბომი „მიხეილ მესხის დაბრუნება“ (1990), შალვა ქირიას „ვარდები მიხეილ მესხისათვის“ (1998) და ისევ და ისევ დემიკო ლოლაძის შედგენილი „მიხეილ მესხი“ (2009, 2017).

   

პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო