საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკის პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი და საქართველოს დელეგაციის წევრები.
21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.
შეჯიბრებების ძირითადი ნაწილი სკოპიეში გაიმართება, რამდენიმე სპორტის სახეობაში კი ქალაქ კუმანოვოში (კალათბურთი, საგზატკეცილო და სამთო ველოსპორტი), მხატვრულად ტანმოვარჯიშეები კი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
სპორტული ასპარეზობები 21 ივლისის დილიდან დაიწყება. პირველ დღეს საქართველოს ნაკრები გუნდიდან შვიდი სპორტსმენი იასპარეზებს: ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე მიიღებენ მონაწილეობას; ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში იასპარეზებენ; სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა; ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში კი სანდრო ხოსიტაშვილს და ლიზი აღნიაშვილს ვიხილავთ.
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო