საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ტურნირებშიც გამარჯვება უსურვა.
იტალიაში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თოთხმეტი მედალი და გუნდური პირველი ადგილები დაიკავეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა ( 72 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87 კგ) იზეიმეს. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები კობა ქარუმიძემ (55 კგ), ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და საბა ფურცელაძემ (130 კგ) მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი, (79 კგ), დაჩი პაპინაშვილი (86 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი(97 კგ) გახდნენ, ვერცხლი ნიკა ზანგალაძემ (57 კგ), ბრინჯაოს მედლები კი საბა ღამბაშიძემ (61 კგ), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.
საქართველოს სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი თამაზ გოგელია, ნაკრების მწვრთნელები, ექიმები და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონტინენტის პირველობაზე ქართველი მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო