სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბათუმში ქართველ ფიგურულ მოციგურავე ინგა გურგენიძეს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონობა მიულოცა. ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.
ორი პროგრამის შედეგად მან 187,81 ქულა დააგროვა და ფესტივალის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში 128,97 ქულა დაიმსახურა და ლიდერი გახდა. მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.
ინგა გურგენიძის ასპარეზობას სპორტის მინისტრთან ერთად ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ინგა გურგენიძის მედალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე საქართველოს მიერ მოპოვებული მეოთხე მედალია და ოთხივე ფიგურული მოციგურავეების ანგარიშზეა. 1997 წელს ვახტანგ მურვანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2017 წელს ნიკა ეგაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლისმედალოსანი გახდა.
„ბაკურიანი 2025“ 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა და 16 თებერვალს დაიხურება. ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს სამი ქალაქი - ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი. ასპარეზობებში 1 000-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ტარდება
Video: https://www.facebook.com/share/v/12AMQUrrnuS/
ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili; დავით ნიკოლაიშვილი/ Davit Nikolaishvili
14.02.2025
">