https://cutt.ly/oYN7Wj3

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
უკვე მესამე სპორტულმა ფედერაციამ პრეზიდენტის არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა

უკვე მესამე სპორტულმა ფედერაციამ პრეზიდენტის არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა

საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" მესამე სპორტული ფედერაციაა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნები სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შეცვლილი წესდებით ჩაატარა (პირველი იყო სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია, ხოლო მეორე უშუს ეროვნული ფედერაცია). პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელიც 2017 წლიდან იყო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი - მაია აზარაშვილი და გამგეობის 3 წევრი. არჩევნებს, რომელშიც ხმის უფლების მქონე 21 მოწვეული დელეგატი მონაწილეობდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16 დეკემბრის ბრძანებით, სპორტული ორგანიზაციებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა. მოცემული პრინციპები განსაზღვრულია იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც აღიარებულია სამინისტროს მიერ და იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით. სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, შემუშავებულია ფედერაციების მიერ წესდების დამტკიცების/წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცესში გათვალისწინების მიზნით და არ ზღუდავს ფედერაციების დამოუკიდებლობას. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება.

სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილია ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის არჩევის წესი და ვადები. მოცემულ პოზიციებზე კანდიდატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დოკუმენტში გაწერილია ასევე ფედერაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები და ფედერაციის საერთო ყრილობის მოწვევის წესი და ვადები. კერძოდ, ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.

სახელმძღვანელო პრინციპები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://cutt.ly/oYN7Wj3



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო