ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კახა ბასილია ცდილობს, პოლიტიკური დევნით შეფუთოს მის მიმართ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დამდგარი განაჩენი

სპორტის სამინისტრო: კახა ბასილია ცდილობს, პოლიტიკური დევნით შეფუთოს მის მიმართ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დამდგარი განაჩენი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დევნის კარატეს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს კახა ბასილიას და ამის გამო მას თანამდებობისა და ქვეყნის დატოვება მოუწია. ამასთან, მოცემულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში, კახა ბასილიამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, იგი დააკავონ კიდეც.

სინამდვილეში, კახა ბასილიამ, რომელიც, ბრალდებულის სტატუსით დისტანციურად ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, იცის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის საფუძველზე, თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, მას მისჯილი აქვს 4-წლიანი პატიმრობა. ის სწორედ ამიტომ, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების დახმარებით ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას და პოლიტიკური ნიშნით დევნილის მანტიის მორგებას.

ინფორმაციისთვის, განაჩენით დადგენილია, რომ კახა ბასილიამ, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, 2018 წლის მარტში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მოითხოვა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში სპორტსმენების მონაწილეობის დაფინანსება. ამ მიზნით, ბასილიამ სამინისტროს წარუდგინა გასაწევი ხარჯების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სამინისტროსგან ზემოხსენებული მიზნით მიიღო 248 871.96 ლარი. ამ თანხიდან დანიშნულებისამებრ დახარჯა 112 183.76 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხას - 136 688.2 მოტყუებით დაეუფლა. სწორედ ამ ბრალდებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით (თაღლითობა) და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გასამართლდა კახა ბასილია და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 სეკუნდა პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი. მიმდინარე წლის 4 თებერვალს, კახა ბასილიამ სპორტის სამინისტროში წარმოადგინა 26 იანვრით დათარიღებული განცხადება, რომლის საფუძველზეც დატოვა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა მანამ, სანამ ის კანონით დადგენილი წესით იქნებოდა გადაყენებული.

შესაბამისად, ამ თემაზე ნებისმიერი ინტერპრეტაციები კახა ბასილიას მხრიდან მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და მის მიმართ დამდგარი განაჩენი პოლიტიკურ დევნად წარმოაჩინოს, რაშიც მას პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებიც ეხმარებიან.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო