ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
უკვე მეორე სპორტულმა ფედერაციამ პრეზიდენტის არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა

უკვე მეორე სპორტულმა ფედერაციამ პრეზიდენტის არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა

უშუს ეროვნული ფედერაცია მეორე სპორტული ფედერაციაა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნები სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შეცვლილი წესდებით ჩაატარა (პირველი იყო სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია). პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი მუსხელიშვილი, რომელიც 2018 წლიდან იყო უშუს ფედერაციის გამგეობის წევრი და საპატიო პრეზიდენტი, ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი - მართა მოსიაშვილი, გენერალური მდივანი, ხაზინადარი და გამგეობა. არჩევნებს, რომელშიც ხმის უფლების მქონე 12 დელეგატი მონაწილეობდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16 დეკემბრის ბრძანებით, სპორტული ორგანიზაციებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა. მოცემული პრინციპები განსაზღვრულია იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც აღიარებულია სამინისტროს მიერ და იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით. სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, შემუშავებულია ფედერაციების მიერ წესდების დამტკიცების/წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცესში გათვალისწინების მიზნით და არ ზღუდავს ფედერაციების დამოუკიდებლობას. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება.

სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილია ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის არჩევის წესი და ვადები. მოცემულ პოზიციებზე კანდიდატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დოკუმენტში გაწერილია ასევე ფედერაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები და ფედერაციის საერთო ყრილობის მოწვევის წესი და ვადები. კერძოდ, ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო