ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სროლის სახეობათა ფედერაცია

სროლის სახეობათა ფედერაცია - პირველი ფედერაცია საქართველოში, რომელმაც არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად დღეს მოყვარული მსროლელი და ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე აირჩიეს. ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ ფერაძე გახდა. არჩევნებში ხმის უფლების მქონე 20 დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის პირველი არჩევნები, რომელიც, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი წესდებით ტარდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16 დეკემბრის ბრძანებით, სპორტული ორგანიზაციებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა. მოცემული პრინციპები განსაზღვრულია იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც აღიარებულია სამინისტროს მიერ და იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით, რათა საზოგადოებაში არ არსებობდეს თუნდაც მცირედი ეჭვი ფედერაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და შემუშავებულია ფედერაციების მიერ წესდების დამტკიცების/წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცესში გათვალისწინების მიზნით. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება.

სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილია ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის არჩევის წესი და ვადები. მოცემულ პოზიციებზე კანდიდატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დოკუმენტში გაწერილია ასევე ფედერაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები და ფედერაციის საერთო ყრილობის მოწვევის წესი და ვადები. კერძოდ, ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო