სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხანდაზმულთათვის ჩატარდება პირველობა ცურვაში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, 14:00 საათზე საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ჩატარდება შეჯიბრი ცურვაში. ტურნირს "საქართველოს პირველობა ცურვაში ხანდაზმულ მოყვარულთა შორის" სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის საცურაო აუზზე (თემქის აუზი) ჩაატარებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ 55 წელს გადაცილებული ქალბატონები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები. ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს ცურვის ორ სახეობაში - ბრასში და კროლში შეეჯიბებიან და ორივე სახეობაში, ქალებშიც და მამაკაცებშიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პირები აუზის (სიგრძე 25 მეტრი) ყველაზე მცირე დროში გადაცურვის შედეგად გამოვლინდებიან.
პირველ ადგილზე გასულ პირებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულებს - 1000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 500 ლარის ოდენობით.
ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ელ.ფოსტის მეშვეობით: abzianidzegeorge70@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე - 599 55 69 84.
ინფორმაციისთვის, მოცემული შეჯიბრის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე გადაწყდა. ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნოდა და ყველა ასაკის პირებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო