ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: „სპორტული ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, რაც აუცილებლად შეიცვლება“

თეა წულუკიანი: „სპორტული ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, რაც აუცილებლად შეიცვლება“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტულ ფედერაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტული ფედერაციები დაფინანსების, ინფრასტრუქტურის და სპორტული ინვენტარის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში არიან. მინისტრის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს ფედერაციებს, რომლებიც ამ დრომდე დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს და აუცილებლად წაახალისებს მასობრივი სპორტის ხელშეწყობისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტებს.

„ჩემს გამოსვლას დავიწყებ სპორტით, შემდეგ ვიტყვი რამდენიმე სიტყვას ახალგაზრდობაზე და დავასრულებ კულტურით. ვიცი, რომ სპორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. ჯერ კიდევ თქვენს რიგებში როდესაც ვიყავი, ისმოდა ეს კითხვები, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული გახლავთ 93 სპორტული ფედერაცია. მათ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმა აქვთ - ფედერაცია, კავშირი თუ ასოციაცია და ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ 98 600 000 ლარს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომელიც სამინისტროდან იღებს 27 500 000 ლარს. მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი 13 580 000 ლარით. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. როგორც მოგახსენეთ, ჯამში ბიუჯეტი არის 98 600 000 ლარი. მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. ამაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, უთანასწორობას სამინისტროდან ყურადღების მხრივ და სრულ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მხრივ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ რაგბი და კალათბურთი არის სპორტის ის სახეობები, რომლითაც ქართველები ვამაყობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სპორტის სახეობები იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში, იმისდა მიხედვით, თუ რა პოტენციალი აქვთ. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, ვინაიდან ერთი მხრივ უნდა განვავითაროთ ის, რითიც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მარტო საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე, ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ცხადია, უნდა გაგრძელდეს ამგვარი სპორტის სახეობებისათვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, არის მაღალი მიღწევები, რაც სპორტის არაერთ სახეობას აქვს. არ მეყოფა დრო, რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი. ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც ძვრება ბორბალი, გვყავს მორბენალი, რომელსაც არ აქვს სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ასეთია რეალობა. მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს და ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასეა აქაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს. მშვილდოსნებს თბილისში სჭირდებათ ბაზა იმისთვის, რომ ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები სროლაში არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში. თეა წულუკიანის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდეთ თბილისში სათანადო საწვრთნელი ბაზა.

„აღარაფერს ვამბობ ჩვენს მოციგურავეებზე, რომლებსაც არ აქვთ სათანადო საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ სხვა ქვეყანაში ვარჯიში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიხარია, როდესაც ჩვენი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს, არის ის თუ არა სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან დიდი შრომისა და გამძლეობისთვის განსაკუთრებული მადლობა.

დარწმუნებული ვარ, სპორტულ ფედერაციებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთი საკითხი წარმოიჭრება და რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. აქ დავძენ მხოლოდ იმას, რომ დიახ, ფედერაციები დამოუკიდებლები არიან, დიახზ ფედერაციები არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სპორტის სახეობის წარმატებებზე, მაგრამ არც ერთ ფედერაციას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათი მთავარი დონორი გახლავთ სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ელემენტარული ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დღეს შესაბამის სტანდარტებს (მე ასე ვიტყოდი) არ აკმაყოფილებს. შესაბამისად სამინისტრომ უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციების წესდებებისთვის და ჩვენ გვექნება დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველა იმ ფედერაციასთან, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის ამ სტანდარტებს არ გაიზიარებს. ასევე, ჩვენ წლის ბოლოს ფედერაციებს წარვუდგენთ მათთან დაფინანსებაზე გასაფორმებელი ხელშეკრულების გაუმჯობესებულ ტექსტებს იმისათვის, რომ თანხების ხარჯვა იყოს უფრო გამჭვირვალე, არ იყოს თუნდაც უსაფუძვლო, მაგრამ ეჭვი გარკვეული ტიპის არამიზნობრივ ხარჯვაზე და ის ფული, რასაც ხარჯავთ თქვენ, რასაც ვხარჯავთ ჩვენ, ხალხი, სახელმწიფო და ბიუჯეტი, პირველ რიგში ხმარდებოდეს სპორტსმენს და სპორტს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა სამინისტროში უფრო მეტი კომპეტენტური კადრის დასაქმება და სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელიც არცთუ ისე უმტკივნეულოა.

„სამინისტრო დაასაქმებს არა მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანებს, როგორიც მაგალითად აქ გახლავთ ჩემთან ერთად წარმოდგენილი დეპარტამენტის უფროსის სახით, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამინისტრო დაასაქმებს შეუვალ ადამიანებს იმიტომ, რომ სპორტის მიმართულებით ჩვენ გვჭირდებიან ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებსაც შეუძლიათ მილიონობით თანხებთან მუშაობა სუფთად, პატიოსნად და ყოველგვარი, თუნდაც უსაფუძვლო ეჭვების წამოჭრის გარეშე. ეს გამოწვევაა, ამას გეუბნებით ღიად და ეს არის პროცესი, რომელიც დღეს სამინისტროში მიმდინარეობს, ვინაიდან ძალიან უპასუხისმგებლო და სინდისთან მწყრალი ვიქნებოდი თუ ფედერაციებზე ვისაუბრებდი ბევრს და ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სამინისტროში ყველაფერი გამართულია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო