ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: „სპორტის მუზეუმი გამოეყო ეროვნულ მუზეუმს

თეა წულუკიანი: „სპორტის მუზეუმი გამოეყო ეროვნულ მუზეუმს და მას აუცილებლად ექნება ცალკე ფართი სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტის მუზეუმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სპორტის მუზეუმი გამოეყო ეროვნულ მუზეუმს, მას ექნება ცალკე ფართი და შეიქმნება სრულფასოვანი პირობები იმისთვის, რომ სათანადოდ დაფასდეს ქართველი სპორტსმენების დიდი გამარჯვებების ამსახველი მედლები, თასები თუ სხვა ფასეული ნივთები, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„მიმდინარე წლის აპრილში კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპორტის მუზეუმი ნაწილობრივ გამოეყო ეროვნულ მუზეუმს, მაგრამ სრული დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია ცალკე ფართი, რაც დღეს სპორტის მუზეუმს არ გააჩნია. აქ ბრძანდებიან დეპუტატის რანგში ის დიდი სპორტსმენები, რომელთა მედლები (და არა მხოლოდ მათი), ასევე, სხვა დიდი ქართველი სპორტსმენების დამსახურება დღეს ჩაწყობილია ყუთებში. ჩვენ გვჭირდება ცალკე ფართი იმისთვის, რომ სპორტის მუზეუმი იყოს არა მხოლოდ საგამოფენო ადგილი, არამედ ძალიან დიდი საგანმანათლებლო სივრცეც იმისათვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ - სპორტი არ არის მხოლოდ მაღალი მიღწევებისთვის. სპორტი არის და უნდა იყოს ყოველდღიურობის ნაწილი და ამის გარეშე ძნელია ისაუბრო დიდ მიზნებზე და დიდ მიღწევებზე.

ზემოთ ნიჩბისნობა ვახსენე და განვმარტავ, რომ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე სპორტის სამინისტროს ბალანსზე გადმოვიტანეთ ფოთში ის ტრადიციული, დღეს მინდვრის სახით არსებული ნიჩბოსნობის ბაზა, სადაც ნიჩბოსნობისა და კანოეს ეროვნული ფედერაციისთვის დავიწყებთ მომავალი წლიდან ბაზის მშენებლობას. მე ვიცი, რომ არა მხოლოდ ქართველი ნიჩბოსნებისთვის, არამედ უცხოელი სპორტსმენებისთვისაც ეს გახდება ძალიან კარგი საწვრთნელი ბაზა, რაც გააჩენს ამ ფედერაციებისთვის დამატებით შემოსავალსაც. ასევე, ჩვენი სამინისტროს ბალანსზე გადმოვიტანეთ ყაზბეგში ის ტრადიციული ტერიტორია, რომელიც ჯუთას სახელით არის ცნობილი და იქ ვიწყებთ ალპინიზმის ბანაკის აღდგენას, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებს უნდა მოემსახუროს. იგივე გეგმა გვაქვს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყორულდაშში აილამას ბანაკის აღდგენის მიმართულებით. ასევე, ჩვენს ბალანსზე გადმოვიტანეთ კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მიწა, სადაც ჩოგბურთის კორტები შენდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო