საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს „ავჭალის სტადიონზე“ უმასპინძლა და მეტოქე 24:10 დაამარცხა. ძლიერი ქარის გამო, ორივე გუნდის მორაგბეებს გაუჭირდათ ტექნიკური რაგბის თამაში. შესაბამისად, მოთამაშეები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. შეხვედრა მილტონ ჰეიგის გუნდის უპირატესობით დაიწყო. მე-14 წუთზე მასპინძლები ესპანელთა ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ. გიორგი ნემსაძეს სულ ცოტა დააკლდა ლელომდე, სამაგიეროდ, სტუმრები დავით გიგაურს ვეღარ გაუმკლავდნენ, რომლის ლელოსაც თედო აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა - 7:0.
22-ე წუთზე „ლომები“ გააქტიურდნენ და საპასუხო ლელო დადეს. თავი სტივ ბარნსმა გამოიჩინა, ანდრეა რაბაგომ კი გარდასახვა ვერ გაიტანა - 7:5. 8 წუთში „ბორჯღალოსნებმა“ კვლავ გაზარდეს უპირატესობა. ლელო შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ გაიტანა - 12:5. მოგვიანებით, „მონპელიეს“ მორაგბე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, პირველის მსგავსად, სამი ლელო დაიდო. 64-ე წუთზე, ქართველმა მორაგბეებმა ჩვეული სიძლიერე გამოავლინეს შერკინებაში, რითაც ვასილ ლობჟანიძემ ისარგებლა - 17:5. მალევე, კვლავ ჩვენმა შერკინებამ იყოჩაღა. ლობჟანიძის სწრაფი მოქმედების შედეგად, ბურთი ბექა გორგაძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის გადაცემით გრიგორ ქერდიყოშვილმა ისარგებლა და ლელო სადებიუტო მატჩში დადო. ლელო აბჟანდაძემ გარდასახა - 24:5. ესპანელებმა მატჩის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს. შერკინებიდან ბურთი ოერ გოიამ აიტაცა და „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის მოედანში დაამიწა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 24:10 გაიმარჯვა და 8 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ბელგიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრას 2 მარტს ბრიუსელი უპასპინძლებს.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო